მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბახმაროში წყალმომარაგება ისევ პრობლემად რჩება - როდის განხორციელდება „მზა პროექტი“

61372edca9d62
ვიქტორია მღებრიშვილი
09.09.21 19:35
1246
წლევანდელი წინასაარჩევნო პერიოდი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ტურიზმის პოტენციალზე აქცენტით განსაკუთრებით გამოირჩევა. გამონაკლისი არც გურია იყო.  „აქ შეიძლება ბევრი რამ გაკეთდეს და ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრს ვგეგმავთ. ეკოტურიზმი უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი წამყვანი. ზოგადად, ტურისტული ცენტრი უნდა გახდეს ჩოხატაური“, - ამ განცხადების ავტორი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტშია კურორტი ბახმარო, რომელიც ზღვის დონიდან 1926-2050 მეტრზე მდებარეობს და ადგილობრივ თუ უცხოელ ტურისტებს გამორჩეული ჰავით, ხედებითა და ავთენტურობით იზიდავს.

ამიტომ ვიდრე ჩოხატაური ტურისტული ცენტრი გახდება, BM.GE ბახმაროს მდგომარეობით დაინტერესდა. საქმე ის არის, რომ ბახმაროში ტურისტული აქტივობისა და კურორტზე არსებული გამოწვევების შესახებ გასულ წელსაც ვწერდით. დღეს კი BM.GE-სთან საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დაბა ბახმაროს ადმინისტრაციულ ერთეულში დავით ჟღენტი აცხადებს, რომ წელს ტურიზმი 2020 წელთან შედარებით გააქტიურებულია, თუმცა ქართველების ხარჯზე. „წელს ბახმაროს, ძირითადად, ადგილობრივები სტუმრობდნენ. უცხო ქვეყნის მოქალაქეების სიმცირე შეინიშნებოდა“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება გამოწვევებს, რომელიც კურორტს აწუხებდა, მისი თქმით, დაბაში ენერგომომარაგების პრობლემა გადაიჭრა და „კურორტს ელექტროენერგია მიმდინარე წლის ზაფხულის დასაწყისში სრულად მიეწოდებოდა“, თუმცა წყალმომარაგების პრობლემა კვლავ გადაუჭრელი რჩება. ამასთან, დავით ჟღენტის ინფორმაციით, ბახმაროს წყალმომარაგების პროექტი უკვე შემუშავებულია.

„როგორც ვიცი, პროექტი მზადაა, განხილვა ჩატარდა. გადაეგზავნა წყალმომარაგების კომპანიას შენიშვნებისთვის და ველოდებით ტენდერზე გამოტანას“, - განმარტა მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა დაბა ბახმაროში და დამატებითი კითხვებზე ინფორმაციის მისაღებად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გადაგვამისამართა. იქ კი გვითხრეს, რომ „პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების დაკვეთით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ასრულებს" და შესაბამისად, სრულყოფილი ინფორმაციის მიღება მათგანაა შესაძლებელი. 

რა ღირებულების არის ბახმაროს წყალმომარაგების პროექტი, როდის ჩატარდება ტენდერი და შესამაბისად, როდისთვის უნდა ველოდოთ კურორტის წყალმომარაგებით უზრუნველყოფას - ეს ის ძირითადი კითხვებია, რითიც BM.GE-მ საბოლოოდ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას მიმართა, სადაც კითხვებზე სრული პასუხი ვერ მივიღეთ და მხოლოდ პროექტირების დასრულება დაგვიდასტურეს.

„პროექტირების შესყიდვა 700 000 ლარი დაჯდა. მოხდა წყალმომარაგების, წყალარინებისა და მისი გამწმენდი სისტემების პროექტების შემუშავება, თუმცა საბოლოო ხარჯთაღრიცხვა არ გვაქვს. რაც შეეხება განხორციელების ვადებს, პროექტი წყალმომარაგების კომპანიის მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის; ამასთან დღეისთვის კომპანია ბახმაროს არ ემსახურება და მათ ემსახურება მუნიციპალიტეტის მერია“, - განმარტეს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“.

ამდენად, დღეისთვის ბახმაროს წყალმომარაგების პროექტი მხოლოდ ფურცელზე არსებობს და როდის გადაიჭრება პრობლემა კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები