წელს, სეზონზე ბუნებაში ძალიან დიდი რაოდენობით ტრუფელი მოიპოვებოდა, რამაც ტრუფელის ალკოჰოლური სასმლის წარმოება გადაგვაწყვეტინა, - ამის შესახებ კომპანია Georgian Mushroom Company-ს დამფუძნებელმა მიხეილ სამხარაძემ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა.
სამხარაძის ცნობით, სასმელი ჯერ კიდევ წარმოების პროცესშია, თუმცა მან კონკრეტული შემოწმებები უკვე გაიარა და მიმდინარე წლის ბოლოს ქართულ ბაზარზეც გამოჩნდება.
„წელს ბუნებაში ძალიან დიდი რაოდენობით ტრუფელი მოიპოვებოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მისგან ალკოჰოლური სასმელი გვეწარმოებინა. ამ ეტაპზე საცდელად 500-600 ბოთლს ჩამოვასხამთ, უკვე ვიპოვეთ პარტნიორი, რომელიც სასმელს ბაზარზე გაიტანს. ჩვენმა პროდუქციამ გაიარა კონკრეტული შემოწმებები და ყველგან ძალიან მაღალი შეფასება მიიღო“, - განაცხადა მიხეილ სამხარაძემ.
კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ სასმელი თავიანთი უნიკალური რეცეპტით შექმნეს და ეს ქართული ბაზრისთვის სიახლე იქნება.
„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართულ ბაზარზე ტრუფელის ალკოჰოლური სასმელი შევა, ჩვენ ის დავამზადეთ ჩვენი უნიკალური რეცეპტით და მართლა ძალიან საინტერესო და განსხვავებული გემო აღმოაჩნდა“, - აღნიშნა მან.
ტრუფელის არომატით ალკოჰოლური სასმლის ნახევარი ლიტრის ღირებულება 60-70 ლარი იქნება.
ინფორმაციისთვის: Georgian Mushroom Company სხვადასხვა სახეობის სოკოს იმერეთიდან, რაჭიდან, შიდა ქართლიდან და თიანეთიდან იღებს, ამარაგებს სხვადასხვა რესტორნებს და ახლა უკვე მისგან ალკოჰოლური სასმლის წარმოებასაც იწყებს.