მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოში სიდრის წარმოების კულტურას ფესვები არ აქვს გადგმული “ – „სხვა ხილი“

64637292e770a
ნანუკა ნარიმანიძე
17.05.23 21:00
1305
2023 წლის აპრილში საქართველოს ბაზარზე ვაშლის სიდრის კომპანია „სხვა ხილი“ გამოჩნდა. BM.GE-ს ბრენდის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა ირაკლი დავითიძემ უთხრა, რომ პროდუქტს არსებულ ბაზარზე ბევრი ადამიანი არ იცნობს, ამიტომ ბრენდის გეგმებში საქართველოს ბაზარზე დარჩენა და სიდრის პოპულარიზაციაა.

„სიდრი ახალი პროდუქტია საქართველოში, მისი წარმოების და მოხმარების კულტურას არ აქვს გადგმული ფესვები, როგორც ღვინოს. პირველად სიდრის არსებობის შესახებ რომ გავიგეთ საქართველოში იშვიათად თუ გადაეყრებოდით ამ პროდუქტს. როდესაც ჩავეძიეთ მის დამზადების ტექნოლოგიას და ისტორიას, სასმელმა დიდი ინტერესი გამოიწვია. გადავწყვიტეთ გვეცადა მისი წარმოება. რამდენიმე საექსპერიმენტო პარტიის შემდეგ დავრწმუნდით, რომ სასმელს დიდი პოტენციალი აქვს არსებულ ბაზარზე და სურვილი გაგვიჩნდა, რომ ეს პროდუქტი სხვებსაც გავუზიაროთ. სიდრის მეწარმეები ასევე, როგორც მომხმარებლები აქტიურად ცდილობენ დანერგონ სიდრის კულტურა საქართველოში“, - აღნიშნავს დავითიძე.

დამფუძნებლის თქმით, ბრენდი არსებული ბაზრის ათვისების შემდეგ ექსპორტზეც აუცილებლად გავა:"ჯერ-ჯერობით გეგმად რჩება საქართველოს ბაზარზე სიდრის პოპულარიზაცია.ექსპორტზე გასვლას აუცილებლად ვაპირებთ, მაგრამ ეს დღეს და ხვალ არ მოხდება.ექსპორტზე გასვლა დიდი პასუხისმგებლობაა, სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამთ ინტენსიურად უნდა მოვემზადოთ“.

ამასთან, სამომავლო გეგმებზე საუბრისას, მან აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს იგეგმება პროდუქციის რაოდენობის გაზრდა და სიდრის პატარა ბოთლებში ჩამოსხმაც.

„გასულ წელს 4000 ბოთლი ვაწარმოვეთ. საწარმოს განვითარებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ვაპირებთ რაოდენობის გაზრდას და სხვა სიდრის სახეობების ჩამოსხმასაც. მიმდინარე წელს ვგეგმავთ სიდრის პატარა (0.25 ლიტრიან) ბოთლებში ჩამოსხმას. ვვარაუდობთ, რომ წლის განმავლობაში დაახლოებით 10000-მდე ბოთლს ჩამოვასხამთ“, - ამბობს დავითიძე.

გარდა ამისა, მან გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი გამოწვევა 90-იანებში მიღებული კანონია აქციზის შესახებ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს კანონი აქციზის საფასურის შესახებ. 90-იან წლებში მიღებული კანონის მიხედვით 5% ან მეტი ალკოჰოლის შემთხვევაში, სიდრის თითოეული ლიტრი 5 ლარით იბეგრება. კანონი ძალაში ღვინის ფალსიფიკაციის ასარიდებლად შეიყვანეს. დღეს ღვინის ფალსიფიკაცია საფრთხეს არ წარმოადგენს შესაბამისად, ამ კანონის არსებობა არანაირ დანიშნულებას არ ემსახურება. ის მხოლოდ აფერხებს ფერმენტირებული სასმელების განვითარებას. საქართველოს სიდრის ასოციაცია აქტიურად ცდილობს ამ პრობლემის გადაჭრას, მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოში ძალიან ცოტა სიდრის მეწარმეა, ამ საკითხს სათანადო ყურადღება არ ეთმობა“, -დასძინა ირაკლი დავითიძემ. 

რაც შეეხება წარმოებას, ბრენდის საწარმო დაბა კიკეთში მდებარეობს და ის ორ ადამიანს ასაქმებს. კომპანიას ამჟამად ვაშლის ქართული, ენდემური სახეობები გორიდან ჩამოაქვს, სამომავლო გეგმებშია სიდრის სხვა სახეობების დასამზადებლად საქართველოს სხვა რეგიონების უნიკალური ჯიშების გამოყენებაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები