მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“აქციზის საფასურის შესახებ კანონი ჩვენთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს” - “სხვა ხილი”

ვაშლის სიდრი

საქართველოში სიდრის წარმოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე BM.GE-სთან ახალი ბრენდის, “სხვა ხილის” დამფუძნებლებმა, ირაკლი დავითიძემ და მიხეილ მუჯირმა ისაუბრეს. 

მათი თქმით, აქციზის საფასურის შესახებ კანონი მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

“ 90-იან წლებში მიღებული კანონის თანახმად, 5% ან მეტი ალკოჰოლის შემცველობის შემთხვევაში, სიდრის თითოეული ლიტრი 5 ლარით იბეგრება. კანონი ძალაში ღვინის ფალსიფიკაციის ასარიდებლად შეიყვანეს. დღეს ღვინის ფალსიფიკაცია საფრთხეს აღარ წარმოადგენს, შესაბამისად, ამ კანონის არსებობა არანაირ დანიშნულებას არ ემსახურება. ის მხოლოდ აფერხებს ფერმენტირებული სასმელების განვითარებას. 

ქართული სიდრის ასოციაცია აქტიურად ცდილობს ამ პრობლემის გადაჭრას, მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოში ძალიან ცოტა სიდრის მეწარმეა, ამ საკითხს სათანადო ყურადღება არ ეთმობა”, - ამბობს ირაკლი დავითიძე.

“სხვა ხილი” ვაშლის სიდრის მწარმოებელი ახალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე მიმდინარე წლის აპრილიდან გამოჩნდა. 

“ამჟამად მხოლოდ ერთი პროდუქტის, ვაშლის სიდრის რეალიზაცია ხდება. სამომავლოდ იგეგმება ვაშლის სიდრის სხვა სახეობებისა და სხვა ფერმენტირებული სასმელების წარმოება, როგორებიცაა, მაგალითად, თაფლუჭი და ვაშლის ბრენდი”, - ამბობს მიხეილ მუჯირი.

კომპანია ვაშლის სიდრს კიკეთში არსებულ საწარმოში, ადგილობრივი ნედლეულისგან აწარმოებს. როგორც “ახალი ხილის” დამფუძნებლები BM.GE-სთან აცხადებენ, სიდრზე მოთხოვნა, სასმლის პოპულარიზებასთან ერთად - მზარდია. 

“სიდრის პოპულარიზაციასთან ერთად, მოთხოვნა თანდათან იზრდება. ჯერჯერობით ფიქსირებული წარმადობა არ გვაქვს, გასულ წელს 4000 ბოთლი ვაწარმოეთ, წელს კი უფრო მეტს ვგეგმავთ”, - ამბობს მიხეილ მუჯირი. 

“ახალი ხილის” სიდრის რეალიზება ღვინის მაღაზიებში: 8000 მოსავალი, ციცქა, Wine Boutique, Pet-Nat Bar და Brut Bar, ასევე კრაფტ-ბარ აბრაგში, ფირფიტების მაღაზია მორევში და ყაზბეგში, რესტორან თიბაში, ხდება, სარეალიზაციო ფასი კი 15 ლარია. როგორც ირაკლი დავითიძე აღნიშნავს, სამომავლოდ  სიდრის აშშ-ში ექსპორტიც იგეგმება.

"ახალი ხილი" დამფუძნებლების მიერ ნულოვანი ინვესტიციით შეიქმნა. კომპანიამ გასულ ზაფხულს რებრენდინგიც განიცადა და  განახლებული ლოგოთი და შეფუთვით გამოჩნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები