Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მონაცემებით, გასული თორმეტი წლის განმავლობაში, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ქონების შეფასებამ 13%-ით, ანუ $725 მილიონით იმატა და $6.32 მილიარდი შეადგინა, რაც ბოლო ათი წლის უმაღლესი მაჩვენებელია. ამ დრომდე, საქართველოს უმდიდრესი ადამიანის ქონების შეფასებამ ამ ნიშნულს მხოლოდ ორჯერ გადააჭარბა, 2013 წლის ივნისსა და აგვისტოში, როცა ივანიშვილის აქტივები $6.4 მილიარდად იყო შეფასებული.
საინტერესოა, რომ Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსი საქართველოს უმდიდრესი ადამიანის ქონების ჩაშლასაც გვთავაზობს, რომლის თანახმად ბიძინა ივანიშვილის ქონების უდიდესი ნაწილი, ანუ $5.28 მილიარდი ნაღდ ფულზე მოდის. ამასთან, ივანიშვილი ხელოვნების ნიმუშების $1 მილიარდად შეფასებულ კოლექციას და $45 მილიონის უძრავ ქონებასაც ფლობს.
აღსანიშნავია, რომ Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსისგან განსხვავებით, უცვლელია ბიძინა ივანიშვილის ქონების შეფასება Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში - ამერიკული გამოცემა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ქონებას $4.9 მილიარდად აფასებს.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად, ბიძინა ივანიშვილი, ორ მიმდინარე სამართლებრივ დავაში არის ჩართული. Credit Suisse-თან დაკავშირებული დავა რამდენიმე იურისდიქციაში მიმდინარეობს, ხოლო მეორე ახლახან დაიწყო საქართველოში, სადაც ბიძინა ივანიშვილი თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს 8253 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ედავება.