მსოფლიოს წამყვანმა კრიპტო-ბირჟა Binance-მა უმსხვილესი სტეიბლკოინებით ვაჭრობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
კომპანიის განცხადებით, 29 სექტემბრიდან USDC-ით, USDP-ითა და TUSD-ით ტრეიდინგი შეიზღუდება, მათში განთავსებული აქტივები კი ავტომატურად კონვერტირდება Binance-ის საკუთარ სტეიბლკოინ BUSD-ში.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შედეგად, მსოფლიოს რიგით მეოთხე უმსხვილესი კრიპტოვალუტა USDC, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციაც 52 მილიარდ დოლარს შეადგენს, ყველაზე პოპულარული ბირჟიდან უბრალოდ გაქრება, რაც მასზე მოთხოვნას მკვეთრად შეამცირებს.
Binance-ის ქმედების უკან მარტივი ლოგიკა დგას - ამჟამად Binance-ის საკუთარი სტეიბლკოინი BUSD რეიტინგში $20-მილიარდიანი კაპიტალიზაციით მესამე ადგილს იკავებს, მას მხოლოდ USDC და USDT უსწრებენ. პლატფორმიდან USDC-ის აკრძალვით, სავარაუდოდ, BUSD-ზე მოთხოვნა გაიზრდება, რაც Binance-ის სტეიბლკონის დომინანტურობისა და თავად კომპანიის შემოსავლების ზრდას გამოიწვევს.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ USDC-ის გამომშვები Binance-ის მთავარი კონკურენტი, კრიპტო-ბირჟა Coinbase-ია, რომლისთვისაც USDC-ის პოპულარობას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. კონკურენტის პროდუქტის პირდაპირ შეზღუდვით კი Binance-ი საგრძნობელ უპირატესობას მიიღებს Coinbase-თან შედარებით.
შეგახსენებთ, რომ სტეიბლკოინი კრიპტო-ბაზრის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტია, ამ ტიპის კრიპტოვალუტების არსებობის მთავარი დანიშნულება ტრანზაქციების გამარტივებაა. სტეიბლკოინების საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა სახის კრიპტოაქტივით ვაჭრობა, ერთმანეთში გადაცვლა და თანხის განაღდება.
სტეიბლკოინების არსი იმაში მდგომარეობს, რომ მათი ღირებულება ყოველთვის ერთ ამერიკულ დოლარს უტოლდება, არც მეტს, არც ნაკლებს.