მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე ნავთობის და გაზის ფასები იზრდება | ენერგეტიკული ბირჟის მიმოხილვა

6458a509edde2
გიორგი თოლორდავა
08.05.23 11:29
585
მიმდინარე კვირის პირველ სავაჭრო სესიაზე ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება, ბირჟის გახსნიდან რამდენიმე საათში ბარელი Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 1.5%-ითაა გაზრდილი და ამჟამად 76 დოლარს აღწევს; WTI Crude-ის ღირებულებამაც 1.5%-ით მოიმატა და ის 72 დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბირჟაზე ბარელი Urals-ის ფასი 56 დოლარს აჭარბებს, რაც ერთ დღეში თითქმის 4.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ერთწლიან პერიოდში ბირჟაზე რუსული ნავთობი თითქმის 34%-ითაა გაიაფებული; Brent-ის ვარდნის მაჩვენებელი კი 27%-ს შეადგენს.

ნავთობის ფასების ზრდა პირდაპირ კავშირშია ჩინეთის მასშტაბით კოვიდრეგულაციების სრულად გაუქმებასთან და ეკონომიკური აქტივობის აღდგენასთან. გარდა ამისა, აშშ-ში წლიური ინფლაციის დონე 6%-იან ნიშნულამდე შემცირდა. ინფლაციის შენელება ფედერალურ რეზერვს, სავარაუდოდ, მონეტარული პოლიტიკის შერბილებისკენ უბიძგებს, რასაც ინვესტორები და ტრეიდერები პოზიტიურ სიახლედ იღებენ, რადგან ის ხელს შეუწყობს ეკონომიკური აქტივობის აღდგენას და საწვავზე მაღალი მოთხოვნის შენარჩუნებას. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ FED-ის ხელმძღვანელობის განცხადებით, ივნისში დაგეგმილ შეხვედრაზე რეფინანსირების განაკვეთის დამატებით ზრდა აღარ არის დაგეგმილი.

აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება ბუნებრივ აირთან მიმართებითაც, ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით, გაზი ერთ დღეში 3%-ითაა გაძვირებული; ბრიტანეთში კი მატების მაჩვენებელი 4%-ს აღწევს. საპირისპირო ტენდენციაა EU-ს მასშტაბით, ევროპული ბენჩმარკის, Dutch TTF-ის ღირებულება მეგავატ-საათზე 36 დოლარს შეადგენს, რაც ბოლო 24 საათში დაფიქსირებული ვარდნის 2%-იანი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები