მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე ნავთობის და გაზის ფასები იზრდება

ბირჟაზე ნავთობის და გაზის ფასები იზრდება

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია გრძელდება, ერთკვირიან ჭრილში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 6%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 90 დოლარს აჭარბებს, WTI-ს ფასი კი 87 დოლარის ფარგლებშია.

რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 76 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ერთ კვირაში 4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

მოიმატა ბუნებრივი აირის ფასმაც, მეგავატი-საათი ენერგიის ღირებულება ევროკავშირის მასშტაბით 35 ევროს აჭარბებს, რაც 5%-იან ზრდას შეადგენს.

ამ ტენდენციის ფონზე, Goldman Sachs-მა უახლეს პროგნოზი გაავრცელა, რომლის თანახმად, მიმდინარე წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, ბარელი ნავთობის ფასი 110 დოლარს მიაღწევს, ანუ Brent-ის ღირებულება დამატებით 20%-ით გაიზრდება. ამის მიზეზად ანალიტიკოსები რუსეთის ფედერაციის, საუდის არაბეთისა და OPEC-ის წევრი სახელმწიფოების მიერ გატარებულ პოლიტიკას ასახელებენ.

მოგეხსენებათ, საუდის არაბეთმა გლობალურ ბაზარს ნავთობის მიწოდება დაახლოებით მილიონი ბარელით შეუმცირა, რუსეთმა კი წარმოების მაჩვენებელი ნახევარი მილიონი ბარელით დააკორექტირა. წლის ბოლომდე მოსალოდნელია, რომ საუდის არაბეთი ნავთობის მიწოდებას კიდევ უფრო მეტად შეამცირებს, რაც ბაზარზე დეფიციტს გამოიწვევს.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გაძვირებული ენერგორესურსები ყველაზე ხელსაყრელი სწორედ საუდის არაბეთისთვისაა, რომელმაც გასულ წელს რეკორდული შემოსავლები მიიღო. სახელმწიფო კომპანია Saudi Aramco-მ 2022 წელს 161 მილიარდი დოლარის წმინდა მოგება მიიღო, რაც კაცობრიობის ისტორიაში დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები