მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბიზნესის გაერთიანება, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მნიშვნელოვანი სიგნალია ბრიუსელისთვის“

645399090b9c2
ელენე გოგბერაშვილი
04.05.23 20:00
656
საქართველოში ცხრა ბიზნესასოციაცია, მათ შორის ICC საქართველო; AMCHAM; GDBA და სხვა ბიზნეს გაერთიანებები მთავრობის ადმინისტრაციას და ბრიუსელს ერთობლივი ღია წერილით მიმართავენ. ორგანიზაციები ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ მოუწოდებენ.

წერილში ბიზნესი მოუწოდებს ყველა მხარეს გააერთიანონ ძალისხმევა იმისთვის, რათა საქართველომ მიაღწიოს ხელშესახებ პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე.

„ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლა დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე და რამდენიმე აქტორის მოქმედებაზე. რა თქმა უნდა პირველ რიგში საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს ის მოთხოვნები, რასაც ითხოვს ევროკავშირის მხარე“- აცხადებს „რონდელის ევროპული კვლევების ცენტრის“ დირექტორი კახა გოგოლაშვილი.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ევროკავშირმა დაინახოს პროგრესი ყველა მიმართულებით და ნება, რომ EU-ს ყველა რეკომენდაცია შესრულდება.

„ის, რომ დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ არამარტო არასამთავრობო ორგანიზაციები, ან პოლიტიკური პარტიები, ან სხვადასხვა პროფესიული ჯგუფები, არამედ ბიზნესი ერთიანდება იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს არის დამატებითი მნიშვნელოვანი სიგნალი ბრიუსელისთვის, დამატებითი მნიშვნელოვანი სიგნალი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ ამ მიმართულებით მთელი საზოგადოება და მათ შორის ისეთი დიდი ჯგუფი, როგორიც არის ბიზნესი და ბიზნესმენები მოითხოვენ ხელისუფლებისგანაც ქმედითი ნაბიჯების გადადგმას.

ძალიან მნიშვნელოვანია რეკომენდაციის ბოლომდე შესრულება, თუ არა ყოველ შემთხვევაში რეკომენდაციების შესრულების იმ ეტაპზე გასვლა, რაც შეიძლება ჩაითვალოს ევროკავშირის მხრიდან მისაღებად. ევროკავშირი უნდა ხედავდეს, რომ არსებობს დაინტერესება, არსებობს წინსვლა, არსებობს განწყობა მუშაობისთვის და არსებობს თანამშრომლობა ევროკავშირის ინსტიტუტებთან.

ეს ყველაფერი უნდა ჩანდეს, მაშინ თუ შესრულებული არ არის ბოლომდე შეიძლება ეს გადაიტანონ შემდგომი ეტაპისთვის, რადგან კანდიდატის სტატუსის მიღება ჯერ წევრობას არ ნიშნავს, არის კიდევ ნაბიჯები წინ. მაგრამ მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით იყოს პროგრესი ნაჩვენები და ნება, რომ ეს ყველაფერი შესრულდება. ჩვენ ვხედავთ, რომ არის ნების ნაკლებობა“,-აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

განცხადებას, სადაც ქართული ბიზნესი უერთდება მოწოდებას, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ხელს აწერენ შემდეგი ბიზნეს ასოციაციები:

• გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება
• სავაჭრო და სამრეწველო პალატა - საფრანგეთი-საქართველო
• საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია
• საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში
• ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში
• საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია
• საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია
• გადასახადის გადამხდელთა კავშირი
• ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები