მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბოლო წუთებში მიღებული გადაწყვეტილებებით ვგეგმავთ პროცესებს, რაც ხელისშემშლელია“ - ტურ-ოპერატორი

60a269a278320
ვიქტორია მღებრიშვილი
17.05.21 22:35
765
დღეს საქართველოს მთავრობამ ზაფხულის ტურიზმის სეზონის გააქტიურებისა და მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე გაკრვეული შეზღუდვები შეამსუბუქა. კონკრეტულად კი შეამცირა კომენდანტის საათის მოქმედების დრო, რომელიც 21:00 საათიც ნაცვლად 23:00 საათზე დაიწყება და ნაწილობრივ მოხსნა სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის დაწესებული შაბათ-კვირას ოპერირების აკრძალვის შეზღუდვა. 22 მაისიდან კაფე-რესტორნებს მომხმარებლის მიღება მხოლოდ ღია სივრცეებში შეეძლებათ, ხოლო 1 ივნისიდან არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით ეს შეზღუდვაც გადაიხედება.

როგორ აფასებენ ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული სუბიექტები აღნიშნულ გადაწყვეტილებებს და რა გავლენას იქონიებს ეს ტურისტულ ნაკადებზე, ამ კითხვებით BM.GE-მ ტურისტულ კომპანია Wonderland-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერს ქეთი დოჭვირს მიმართა, რომელიც შეზღუდვების შემსუბუქებას დადებითად აფასებს, თუმცა ამბობს რომ სექტორმა არსებული გადაწყვეტილებების შესახებ წინასწარ უნდა იცოდეს, რათა მათთვის და მათი მომხმარებლისთვის მდგომარეობა უფრო გარკვეული იყოს.

„დღეს მიღებული გადაწყვეტილება ტურისტებისთვის გარკვეული შეღავათია, თუმცა სექტორის სრულყოფილად მუშაობისთვის კომენდანტის საათის სრულად გაუქმება გვჭირდება და ასევე წინასწარი ინფორმაცია როდისთვის აპირებს მთავრობა ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებას.

ბევრი ჯავშანი იმის გამო გაუქმდა ან გადაიდო, რომ 21:00 საათიდან კომენდანტის საათი იწყებოდა და ჩვენ ამ შეზღუდვის შემსუბუქების შესახებ ინფორმაცია არ გვქონდა. 23:00 საათი უცხოელი ვიზიტორებისთვის სავარაუდოდ ნაკლებად პრობლემური იქნება, თუმცა რადიკალურ ცვლილებებზე ამ მხრივ შეიძლება ვერ ვისაუბროთ“, - აცხადებს ქეთი დოჭვირი.

ტურისტული კომპანიის ბიზნესის განვითარების მენეჯერი კაფე-რესტორნების მიმართ არსებული შეზღუდვების შემსუბუქებასაც შეეხო და თქვა, რომ ქვეყანაში ამ პერიოდში, რაც უფრო ნაკლები აკრძალვები იქნება, მით უფრო მეტ თანხას დატოვებენ ტურისტები მოგზაურობისას.

„იმედი გვაქვს, რომ ივნისიდან ეს შეზღუდვა სულ მოიხსნება და უფრო ნაკლები პრობლემა შეგვექმნება იმიტომ, რომ რეალურად აქ ჩამოსული ტურისტი იმ შესაძლებლობებს, რაც ქვეყანას აქვს სრულად ვერ იყენებს. კაფეებსა და რესტორნებს ხელი ეშლებათ მუშაობაში და შესაბამისად, პირდაპირ აისახება თვითონ ტურისტების მხარჯველუნარიანობაზე. რაც უფრო მეტი შეზღუდვა გვაქვს მით უფრო ნაკლებია დანახარჯები. შაბათ-კვირას შეზღუდვების მოხსნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უიქენდ-ტურები საკმაოდ პოპულარულია საქართველოს ყველა რეგიონში და განსაკუთრებით აჭარაში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ შაბათ-კვირას ჩამოსულ ადამიანებს კაფე-რესტორნებში ყოფნის შესაძლებლობა ჰქონდეთ, თუნდაც ღია სივრცეში. სეზონი ამის საშუალებას გვაძლევს“, - ამბობს ის.

ქეთი დოჭვირის ინფორმაციით, დღეისთვის ტურისტული კომპანია ბალტიისპირეთის, პოლონეთის, ყაზახეთისა და არაბული ქვეყნების ვიზიტორებს ემსახურება და ჯავშნები ივნის-ივლისში უფრო აქტიურდება. ის ასევე აღნიშნავს, რომ სექტორისთვის სახმელეთო საზღვრების გახსნა მნიშვნელოვანია.

„საკმაოდ დიდი რაოდენობის ტურისტებს ვიღებთ სახმელეთო საზღვრით და ამ ეტაპისთვის ეს ყველაფერი შეჩერებულია. რაღაც თარიღები წინასწარ უნდა ვიცოდეთ, იმიტომ რომ კომუნიკაცია გვაქვს კომპანიებთან, რომლებიც ამ ადამიანების ტრანსპორტირებით არიან დაკავებულნი და ჩვენი მხრიდან ვერაფერს ვეუბნებით, სანამ ბრიფინგზე უეცრად არ გავიგებთ, რომ რაღაც შეიცვალა. ერთიანი ხედვა თარიღებთან დაკავშირებით არ არსებობს, რაც ხელისშემშლელი ფაქტორია, იმისთვის რომ ტურისტულმა სექტორმა წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები ეფექტურად ჩაატაროს. ბოლო წუთების გადაწყვეტილებებით ვგეგმავთ პროცესებს, რაც ხელისშემშლელია“, - განმარტა ქეთი დოჭვირმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები