მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთში რიტეილ-კომპანიები მიმდინარე კვირას შემოსავლების £80 მლნ-ით ზრდას ელიან

62974d7575120
მარიამ ადამია
02.06.22 01:00
840
დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა დედოფალ ელისაბედ II-ის ტახტზე ყოფნის 70-ე საიუბილეო წლისთავის აღსანიშნავად 2022 წლის 2 ივნისიდან 5 ივნისის ჩათვლით უქმე დღეები გამოაცხადა. ელისაბედ II ბრიტანეთის ისტორიაში პირველი მონარქი გახდება, რომელიც პლატინის იუბილეს აღნიშნავს. დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამა სამეფო ოჯახმა უკვე გამოაქვეყნა და პროგრამის მიხედვით, დღეს, 2 ივნისს სადღესასწაულო აღლუმი გაიმართება, რომელშიც 1400 ოფიცერი, ორასზე მეტი ცხენი და ოთხასამდე მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს აღლუმი პანდემიის გამო არ ჩატარებულა. ამის შესახებ გამოცემა Forbes წერს. 

3 ივნისს კი, წმინდა პავლეს ტაძარში სამეფო ოჯახი დედოფალს სამადლობელ პარაკლისს გადაუხდის. 4 ივნისს ელისაბედ II დოღს დაესწრება, საღამო კი ბუკინგემის სასახლეში გამართული ცოცხალი კონცერტით დასრულდება. შემსრულებლების ვინაობა ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა როგორც სამეფო ოჯახმა განაცხადა, კონცერტისთვის სპეციალური მოწვევით ჩავლენ მსოფლიო დონის ვარსკვლავები. ბოლო დღეს ღონისძიებები ქუჩაში გადაინაცვლებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მოქალაქეები. 5 ივნისს მთელი გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით ქუჩებში მოეწყობა წვეულებები და სანახაობები, რომლებიც მოიცავს ქუჩის მხატვრობას, ცირკს, კოსტიუმირებულ კარნავალსა და თეატრალურ დადგმებს.

ღონისძიების ფარგლებში, ბრიტანული რიტეილ კომპანიების წინასწარი შეფასებით, გაყიდვებიდან შემოსულმა შემოსავალმა შესაძლოა 80 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინოს. თუმცა ეს მხოლოდ ადგილობრივების მიერ დახარჯული თანხა იქნება, რადგან უქმეებზე, ლონდონში 2,6 მილიონზე მეტ ტურისტს ელოდებიან. ამის შესახებ პროგნოზებს კი, კომპანია New West End აქვეყნებს, რომელიც ლონდონის ცენტრში მაღაზიებს, რესტორნებს, სასტუმროებს და უძრავი ქონების 600 ობიექტს მართავს. New West End Company-ის ხელმძღვანელის დი კორსის თქმით, ამ პერიოდში ბრიტანულ საცალო ვაჭრობებში გაყიდვების ზრდა ბიძგს მისცემს პანდემიის შემდეგ ქვეყნის ტურისტული სექტორის აღდგენას. გაყიდვების ბუმი კი, სავარაუდოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება.

ამავდროულად, Bloomberg Intelligence-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ დიდ ბრიტანეთში, დედოფალ ელიზაბეტ II-ის მეფობის წლისთავისადმი მიძღვნილმა არდადეგებმა შესაძლოა ქვეყნის ეკონომიკის შემცირება გამოიწვიოს. მათი თქმით, 2-დან 5 ივნისამდე შვებულების პერიოდმა, მეორე კვარტალში შესაძლოა სამეფოს მთლიანი შიდა პროდუქტის 0,4%-ით შემცირება გამოიწვიოს. გარდა ამისა, როგორც "ბლუმბერგი" წერს, მართალია შემოსავლები, პანდემიის შეზღუდვების მოხსნის შემდეგ გაიზარდა, როდესაც ადამიანებმა რესტორნებსა და ბარებში, ასევე მაღაზიებში დაიწყეს სიარული, თუმცა მათი რაოდენობა ბოლო თვეებში ისევ შემცირდა, ამის მიზეზი კი გადასახადების მატებაა. თუმცა იმასაც ვარაუდობენ, რომ უქმე დღეები მოსახლეობას პირიქით შრომისუნარიანობისა და პროდუქტიულობის ზრდაში დაეხმარება, რაც შესაბამისად აისახება ეკონომიკაზეც.

აღსანიშნავია, რომ დედოფალი ელისაბედ II ტახტზე 1952 წელს ავიდა და ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე სტაჟიანი მონარქია. ის პირველად აღნიშნავს იუბილეს მეუღლის, პრინცი ფილიპეს გარეშე, რომელიც 2021 წლის აპრილში, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები