ჩინეთი აპირებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) დამატებით 30 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსოს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
„ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში WHO-ს დახმარება მრავალმხრივი თანამშრომლობის და გლობალური სოლიდარობის ნიშანია“, - წერს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი ჰუა ჩინინგი Twitter-ზე.
გამოცემის ცნობით, ჩინინგი აცხადებს, რომ ჩინეთის ახალი გადარიცხვა WHO-ისთვის განკუთვნილია განვითარებად ქვეყნებში ჯანდაცვის სისტემების გასაძლიერებლად, და ეს არაა ჩინეთის მიერ WHO-ს დამატებითი დაფინანსების პირველი შემთხვევა. ჩინინგის თქმით, ჩინეთმა 11 მარტს ორგანიზაციას 20 მილიონი დოლარი უკვე გადაურიცხა.
შეგახსენებთ, 15 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ორგანიზაციის დაფინანსებას შეაჩერებდა.
ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ ორგანიზაციამ ჩინეთთან ერთად, კორონავირუსის საფრთხის შესახებ ინფორმაცია დამალა. შესაბამისი განცხადებები გააკეთეს დონალდ ტრამპმა, აშშ-ის კორონავირუსთან ბრძოლის შტაბის ერთ-ერთმა ლიდერმა ენტონი ფაუჩიმ და სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიმართ მსგავსი პრეტენზიები აქვს იაპონიასაც, სადაც თქვეს, რომ აღნიშნული ორგანიზაციის დაფინანსების საკითხი პანდემიის დასრულების შემდეგ უნდა გადაიხედოს.
WHO-ს დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეიესუსის თქმით, მას იმედი აქვს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ამ გადაწყვეტილებას გადახედავს.