მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთში კოვიდშემთხვევები რეკორდულად იზრდება

637f2c9777db1
გიორგი თოლორდავა
24.11.22 12:51
614
ჩინეთის მასშტაბით COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება, გასულ 24 საათში ქვეყანაში თითქმის 32,000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ვირუსი განსაკუთრებით სწრაფი ტემპით ვრცელდება დედაქალაქ პეკინსა და უმსხვილეს სავაჭრო ჰაბ გუანგჟოუში, რომელიც გლობალური მიწოდების ჯაჭვებში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.

ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა აჩენს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ჩინეთის მთავრობამ ნულოვანი კოვიდპოლიტიკის გაგრძელებისა და ქვეყნის მასშტაბით მკაცრი რეგულაციებისა და ლოკდაუნების დაწესების გადაწყვეტილება მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ აპრილში დაფიქსირებული პიკის დროს, როცა დღიურად საშუალოდ 28,000 ადამიანი ინფიცირდებოდა, მმართველმა კომუნისტურმა მთავრობამ 27-მილიონიან ქალაქ შანხაიში ლოკდაუნი დააწესა.

ჩინეთში ლოკდაუნების დაწესებას გლობალურ ეკონომიკაზე ორი სახის გავლენა ექნება. პირველ რიგში, ის ქვეყნის მასშტაბით საწარმოო პროცესების შეზღუდვას გამოიწვევს. ჩინური ქარხნებისა და პორტების შეფერხებას გლობალურ მიწოდების ჯაჭვზე უაღრესად ნეგატიური გავლენა ექნება და ეს მოვლენა პანდემიის პერიოდში მსოფლიომ უკვე გამოცადა.

მეორე ფაქტორი ჩინეთის მოხმარებას უკავშირდება, ეკონომიკის შეფერხება და მობილობის შეზღუდვა, საწვავზე მოთხოვნის შემცირებას იწვევს, ჩინეთი კი მსოფლიოს უმსხვილესი ენერგომომხმარებელია. ლოკდაუნების დაწესების რისკი ინვესტორებსა და ტრეიდერებს აძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ჩინეთში ბენზინსა და დიზელზე მოთხოვნა შემცირდება, აღნიშნული პროგნოზი კი საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასების შემცირებას უწყობს ხელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები