ამ გადაწყვეტილებას უფრო მეტი რისკი აქვს, ვიდრე სარგებელი - ასე აფასებს ტურისტული კომპანია "თრეველ შოპის" დამფუძნებელი ნიკა მანჯგალაძე პრემიერის დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველო ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას დადებითი ეფექტი ექნება ტურისტულ ნაკადებზე და ქვეყანაში ჩინელი ტურისტების რაოდენობა გაიზრდება. თუმცა ტუროპერატორის მოსაზრებით, პრემიერის ამ გადაწყვეტილებით მთავრობა მასობრივ ტურიზმს წაახალისებს და ქვეყანაში ჩინეთიდან დაბალმხარჯველუნარიანი ტურისტები ჩამოვლენ, რაც ბიუჯეტს დიდ შემოსავლებს ვერ მოუტანს.
მისივე განმარტებით, ამ ბაზრის შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ ჩამოსული ტურისტები საქართველოში მასობრივად დარჩნენ და ქვეყანა აღარ დატოვონ. შესაბამისად, მანჯგალაძის თქმით, ამისთვის ქვეყანა მზად უნდა იყოს.
“ჩინეთის მხრიდან ყოველთვის იყო მოთხოვნა, თუმცა რამდენად გადახდისუნარიანი ტურისტები არიან, ეს საკამათო თემაა. ჩინელებისგან ერთი მთავარი საშიშროება არის ის, რომ ისინი არ დაბრუნდებიან თავიანთ ქვეყანაში. არის რამდენიმე ერი, რომლებიც ვერანაირად ისტორიულად ვერ აკეთებს ინტეგრაციას ვერცერთ საზოგადოებასთან. რომც დარჩნენ, აუცილებლად ექნებათ შექმნილი ადგილობრივი საზოგადოებები და იქნება ის, რაც სხვა დანარჩენ ქვეყნებში. უბრალოდ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენ ვართ 3 მილიონი", - აღნიშნა "თრეველ შოპის" დამფუძნებელმა ნიკა მანჯგალაძემ.
როგორც მან განმარტა, ჩინელი ტურისტის წამოყვანა ამ დრომდეც არ იყო რთული, - "არსებობდა ტურისტული ვიზები და თუ უნდოდათ წამოსვლა, მოდიოდნენ. თუმცა მაღალმხარჯველიანი სეგმენტი არასდროს არ მოდიოდა, არაფერი რომ არ ვთქვათ, კორპორაციულ ჯგუფებზე. ეს უფრო იქნება მასობრივი ტურიზმი, ვიდრე რაიმე სხვა", - განაცხადა ნიკა მანჯგალაძემ და დასძინა, რომ ამ გადაწყვეტილებით ბიუჯეტში მინიმალური შემოსავალი შეიძლება შევიდეს.
ცნობისთვის, დღეს ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, რომ ჩინეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ იქნა რამდენიმე ევროპული ქვეყნის მაგალითი, რომელთაც წარმატებით შეძლეს ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდა სავიზო რეჟიმის გაუქმების პირობებში. რაც შეეხება უვიზო რეჟიმის დეტალებს, ლევან დავითაშვილის განმარტებით, ის უკვე დღეიდან შედის ძალაში, ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ. ერთი შემოსვლისთვის ვადა 30-დღიანია, რაც ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ტურიზმისთვის აბსოლუტურად მისაღები ვადაა.