მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინური კომპანია რიკოთზე მძღოლების გაფიცვას ეხმაურება

64411ce7b1d1b
BM.GE
20.04.23 15:25
857
რიკოთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულთა ნაწილი მეორე დღეა გაფიცულია. ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლები დაბალ ხელფასს და არასათანადო სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, მინიმალურ ანაზღაურებაზე მუშაობენ და არ არის დაცული უსაფრთხოება.

ჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო საინჟინრო კორპორაცია საქართველოს ფილიალი მძღოლების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მზად არიან გაფიცულ მძღოლებთან მოლაპარაკება აწარმოონ.

"გვინდა გამოვეხმაუროთ, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე დასაქმებული მძღოლების პროტესტის შესახებ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას.

ჩვენი კომპანია, China State Construction Engineering Corporation Limited-ი, რომელიც აშენებს რიკოთის საუღელტეხილო გზის პირველ, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთს, დასაქმებულებს საქართველოს შრომით კანონმდებლობასთან შესაფერის პირობებს უქმნის. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ დასაქმებულებისთვის მისაღები და უსაფრთხო შრომის პირობები.

ჩვენი შრომითი ურთიერთობა დასაქმებულებთან რეგულირდება შესაბამისი ხელშეკრულებებით, სადაც განსაზღვრულია როგორც სამუშაო დრო, ასევე ანაზღაურება, რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

ამასთანავე, ყოველდღიურად ვზრუნავთ, რომ შრომის უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული, ამისთვის დაქირავებული გვყავს შრომის უსაფრთხოების ექსპერტებიც, რომლებიც ყოველდღიურად აკეთებენ მონიტორინგს და გასცემენ რეკომენდაციებს შრომის უსაფრთხოების პირობების გასაუმჯობესებლად, რომლებსაც მუდმივად ვითვალისწინებთ.

ჩვენს კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებს კი მოვუწოდებთ, რომ ნებისმიერი მოთხოვნა თუ პრეტენზია წარმოადგინონ კომპანიის მენეჯმენტთან, ნაცვლად მედიასაშუალებებთან დაუსაბუთებელი და კომპანიის მადისკრედიტირებელი განცხადებებისა.

კომპანია, აუცილებლად განიხილავს დასაქმებულების მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს და შეძლებისდაგვარად გაითვალისწინებს, რათა მივიდეთ ორივე მხარისთვის მისაღებ შეთანხმებამდე,"- ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები