ხის ხელნაკეთი ნივთების ბრენდი „ჰობი“, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე გასული წლის ოქტომბერში გამოჩნდა, საკუთარი პროდუქციის გამრავალფეროვნებასა და რეალიზაციის არეალის ზრდაზე მუშაობს. ამის შესახებ BM.GE-ს „ჰობის“ დამფუძნებელი ნიკოლოზ გაბაშვილი ესაუბრა.
„ყველაზე დიდი მოთხოვნა არის ჩიტის სახლებზე, რომლებსაც ვაწარმოებთ სხვადასხვა ფორმითა და ნახატებით. დაინტერესება, ძირითადად, მოდის 24-60 წლამდე ქალბატონებისგან, რომლებსაც საკუთარი ბაღები აქვთ და ყვავილები უყვართ. რამდენჯერმე ვცადე, რომ სოც. ქსელებში მამაკაცებზე გათვლილი რეკლამა გამეკეთებინა, თუმცა ამან ისეთი შედეგი ვერ გამოიღო, რასაც ვერ ვიტყვით ქალბატონებზე.
ერთი პრობლემა ისაა, რომ ჩიტის სახლები სეზონური პროდუქტია, გაზაფხული-ზაფხულის შემდეგ მასზე გაყიდვები შემცირდება, ამიტომ სურვილი გვაქვს, შემოდგომიდან პროდუქცია უფრო გავამრავალფეროვნოთ და დავიწყოთ საახალწლო აქსესუარებისა და დეკორის წარმოებაც. ამ ყველაფერმა, შესაძლოა, ჩვენი ხარჯები მცირედით გაზარდოს, თუმცა ღირს“, - ამბობს ნიკოლოზ გაბაშვილი.
როგორც „ჰობის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, ხის ნაკეთობების ბრენდის შექმნის იდეა წლების წინ გაჩნდა, თუმცა, გარკვეული პრობლემების გამო, წარმოება შეფერხდა და მხოლოდ 5 წლის შემდეგ გაახლდა.
„რეალურად, იდეა 5-6 წლის წინ გაჩნდა, თუმცა სამსახურს ვერ შევუთავსე და არ გამოვიდა. როცა თავიდან დავიწყე და შევამჩნიე, რომ გაყიდვებმა იმატა და პოტენციალი არსებობდა, რამდენიმე თვის წინ სამსახურს თავი დავანებე და სრულად ამაზე გადავერთე.
გარდა ამისა, ხის მასალა საკმაოდ ძვირია, და უნდა მოგვეფიქრებინა გამოსავალი რათა პროდუქტის ხარისხი შეგვენარჩუნებინა და ფასიც მისაღები ყოფილიყო. გამოსავალი ვიპოვე და მასალას ადგილზე ვყიდულობ, რაც უფრო ხელმისაწვდომია და პროდუქციასაც აღარ აძვირებს“, - ამბობს ნიკოლოზ გაბაშვილი.
„ჰობის“ დამფუძნებელს წარმოების სირთულეებზეც ვესაუბრეთ. როგორც მან აღნიშნა, ხის დამუშავებისთვის საჭირო ხელსაწყოების მოძიებისათვის დამატებითი ფინანსებია საჭირო.
„ახლა რასაც ვაკეთებ, იმისთვის ხელსაწყოები ეტაპობრივად შევიძინე, თუმცა არსებობს რაღაც ხელსაწყოები, რომლებიც წარმოების გაზრდაში დამეხმარება, უფრო მეტს გავაკეთებდი და შესაძლოა, უფრო ხარისხიანადაც. როგორც ვიცი, არსებობს საგრანტო პროექტები, სადაც შეიძლება დაფინანსების მოპოვება, მაგრამ არ ვიცი ჩვენი ტიპის ნივთებისთვის რამდენად არის. ვფიქრობ, რომ შემდეგი წლისთვის მოვიძიო ინფორმაცია და მივიღო მონაწილეობა“, - ამბობს გაბაშვილი.
„ჰობის“ ჩიტის სახლების წარმოებაში გაბაშვილთან ერთად მისი მეუღლე, ხატია მთიულიშვილიცაა ჩართული, რომელმაც მაისის თვეში დატოვა სამსახური და სრულად ჩაერთო პროცესში, ხატია ჩიტის სახელებს საკუთარი დიზაინით ხატავს, მინა ავღნიშნო რომ ყველაფერი რაც ჰობი -ში მზადდება ყველაფეო ხელნაკეთია. მათი ნივთების შეძენა სოციალური ქსელების საშუალებით, ასევე „მიჰაუსის“ და „გორგიას“ მარკეტებშია შესაძლებელი, თუმცა სარეალიზაციო არეალის გაზრდა იგეგმება.
„პირველად მცირე რაოდენობა „მიჰაუსში“ შევიტანეთ , შემდეგ "გორგიას" ერთ ფილიალში და ამ თვეში 6 სხვა ფილიალშიც დავამატებთ. ასევე ვყიდით სოციალური ქსელების საშუალებით. გვინდა, რომ რეალიზაცია დასავლეთ საქართველოშიც დავიწყოთ.
რაც შეეხება ფასებს, ვფიქრობ, ძალიან მისაღები ფასები გვაქვს. კონკრეტულად ჩიტის სახლები, რაც ყველაზე მოთხოვნადია, 20 ლარი ღირს. მსგავსი პროდუქტები, ძირითადად დასავლეთ საქართველოში მინახავს, სადაც ძვირია, აღმოსავლეთ საქართველოში არ შემხვედრია, ამას ვინმე აკეთებდეს. მინახავს რამდენიმე ნიმუში ჰიპერმარკეტებში, მაგრამ ფასი საკმაოდ ძვირი ედო, ასე რომ, კონკურენტული ფასი მაქვს“, - ამბობს ნიკოლოზ გაბაშვილი.