საქართველოს მთავრობამ 2020 წლის განახლებული ბიუჯეტის პროექტი წარადგინა. დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფოს ხარჯები ჯამურად 1.5 მილიარდი ლარით იზრდება და ის რეკორდულ 15.9 მილიარდ ლარს მიაღწევს.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ წელს მთავრობა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხარჯებს 251.3 მილიონი ლარით შეამცირებს, მათ შორის, ყველაზე მეტად კლება ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმართულებითაა.
ბიუჯეტის მიხედვით, პროექტი, რომელსაც ყველაზე მეტი თანხა მოაკლდება, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაა, რომელზეც 2020 წელს 619.1 მილიონი ლარია განსაზღვრული, რაც 2020 წლის ბიუჯეტის თავდაპირველ პროექტთან შედარებით 85.5 მილიონით ნაკლებია.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს გარდა, სხვა უწყებებშიც მცირდება კაპიტალური ხარჯები. 2020 წლის ბიუჯეტის პირვანდელი ვერსიით, კაპიტალური და ინფრასტრუქტურული ხარჯები განსაზღვრული იყო 3.86 მილიარდი ლარის ოდენობით, რაც ჯამურად 298 მილიონი ლარით მცირდება.
თუმცა, ამ შემცირების მიუხედავად, არის მიმართულებები, რომლებზეც მთავრობა პირიქით, კაპიტალურ ხარჯებს ზრდის. საუბარია 108 მილიონი ლარით იმგვარი ხარჯების გაწევაზე, რაც უშუალოდ ვირუსის წინააღმდეგ დაგეგმილ ნაბიჯებს უკავშირდება, მათ შორის:
• 64,8 მლნ ლარი - ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის;
• 20,0 მლნ ლარი - ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სამშენებლო სექტორის დასახმარებლად დევნილებისთვის დამატებითი სახლების შესყიდვა;
• 10,0 მლნ ლარი - ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის მიზნით ტექნიკისა და სარწყავი სისტემების თანადაფინანსებისა.