მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი უპირატესობა ტყიბულის პლანტაციების უნიკალური ადგილმდებარეობაა - "ბუეთის" ჩაი

63e3a3c91e808
სალომე ხიდურელი
12.02.23 12:30
867
ჩაის კომპანია „ბუეთი“ რამდენიმე თვეა რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა. ტყიბულში გაშენებული პლანტაციებიდან ქარხანა ექვსი სახეობის ჩაის აწარმოებს: შავი, მწვანე, მცენარეული, ციტრუსის, მოცვისა და ტყის კენკრის ჩაის შეძენა მომხმარებელს როგორც დასაყენებელი, ასევე პირამიდების სახით შეუძლია.

ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტის შეძენა გუდვილის, აგროჰაბის, ევროპროდუქტებისა და წერტის ქსელებშია შესაძლებელი.

კითხვაზე, როგორ ახერხებს კომპანია კონკურენტუნარიან ბაზარზე თავის დამკვიდრებას, მისი წარმომადგენელი, მინდია ძნელაძე BM.GE -სთან ამბობს, რომ „ბუეთის“ ჩაის აქვს შესაძლებლობა, კონკურენცია უმაღლესი ხარისხის იმპორტირებულ ჩაისაც კი გაუწიოს.

„გვაქვს იმის საშუალება, კონკურენცია გავუწიოთ უცხოურ ჩაის: ინდურსაც, ჩინურსაც,ინგლისურსაც, ფრანგულსაც...

ჩვენი უპირატესობა ტყიბულის პლანტაციების უნიკალური ადგილმდებარეობაა. ისტორიულად, საქართველოში საუკეთესო ჩაი სწორედ ამ ადგილებში მოდიოდა. ჰავა ზღვის დონიდან 700 მეტრზე განაპირობებს, რომ აქ ზამთარ-ზაფხულ იდეალური ამინდია ჩაის მოსაყვანად“, - განმარტავს მინდია ძნელაძე.

რაც შეეხება გამოწვევებს, „ბუეთის“ წარმომადგენლის ცნობით, რეალიზების პროცესში მთავარი სირთულე ადგილობრივ ბაზარზე ცნობადობის გაზრდაა.

„ჩვენი მიზანია ადგილობრივ ბაზარზე მაქსიმალურად შევძლოთ ცნობადობის გაზარდა, თუმცა აქ საკმაოდ რთულია კონკურენცია გავუწიოთ უკვე ჩამოყალიბებულ ბრენდებს. ჩვენი ხარისხი და ლოჯისტიკა უმაღლესი და გამართულია. ამჯერად ცნობადობის გაზრდაზე აქტიურად ვმუშაობთ.“ - ამბობს მინდია ძნელაძე.

ძნელაძე BM.GE-ს სამომავლო გეგმებზეც უყვება და ამბობს, რომ უახლოეს მომავალში ევროპასა და საუდის არაბეთში ექსპორტს გეგმავენ.

„ახლახან ვიყავით ბერლინში, სადაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სხვადასხვა კომპანიასთან, რათა ექსპორტზე გავიდეთ გერმანიაში. ასევე, USAID-ის ხელშეწყობით შევხვდით კომპანიების წარმომადგენლებს საუდის არაბეთიდან. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ევროპის ქვეყნებთან. შესაბამისად, ექსპორტის დაწყება იგეგმება.

იმის გამო, რომ ევროპის ბაზარზე ვგეგმავთ შესვლას, ვცდილობთ უმაღლესი სტანდარტებით გამოვირჩეოდეთ. ჩვენი ჩაი აბსოლუტურად ბიო პროდუქტია, ყველაფერი ხელით კეთდება. ჩვენივე ბიოდეგრადირებადი შეფუთვა გვაქვს, რომელიც იაპონიიდან ჩამოგვაქვს“, - აცხადებს მინდია ძნელაძე.

ინფორმაციისთვის, „ბუეთის“ ჩაის 30-მდე თანამშრომელი ჰყავს, ჩაის კრეფის პროცესში კი დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა გაცილებით მაღალია. კომპანია ამჟამად 5-დან 7-ტონამდე ჩაის აწარმოებს. ისინი აქტიურად თანამშრომლობენ USAID-ის პროგრამებთან, რომლებიც ქარხანას თანამედროვე დანადგარებით უზრუნველყოფენ და მათი დახმარებით წარმოების გაზრდასაც გეგმავენ.

აღსანიშნავია, რომ „ბუეთის ჩაის“ შექმნის საწყისი ინვესტიცია $1 მილიონი დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები