კომპანია Spotify-ში აცხადებენ, რომ Covid-19-თან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის დეტალური ანალიზისთვის ადმინისტრაცია ახალ რეჟიმში მუშაობს, რაც იმას გულისხმობს, რომ ვირუსთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ნებისმიერი დეზინფორმაცია გაფრთხილების გარეშე წაიშლება. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით, Spotify-ის აღმასრულებელი დირექტორის დანიელ ეკის თქმით, ამ გზით მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, კორონავირუსზე არსებული დაზუსტებული ინფორმაციის ჰაბში მოხვდეს.
კომპანიაში ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ერთ-ერთი პოდკასტის წამყვანი ინტერვიუს დროს ვაქცინაციის თემაზე სკეპტიკურად საუბრობდა. იმისთვის, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს, პლატფორმაზე გამოქვეყნებულია წესები, რომლის თანახმადაც, კორონავირუსთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის ცრუ ინფორმაციის გავრცელება სასტიკად იკრძალება.
"ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებით, ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ჩვენ ვალდებული ვართ, მეტი გავაკეთოთ და ჩვენს მომხმარებელს უფრო ფართო წვდომა ჰქონდეს გადამოწმებულ სამედიცინო ინფორმაციაზე, რომლითაც, წესით, ამ უპრეცედენტო ვირუსის დროს უნდა ვიხელმძღვანელოთ", - განაცხადა Spotify-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ეკმა.
ცნობისთვის, Spotify მუსიკის და პოდკასტების მოსასმენი კომპანიაა, რომელიც 2006 წელს შვედეთში დაფუძნდა დანიელ ეკის და მარტინ ლორენცონის მიერ. ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო ფისკალურ წელს კომპანიას, დაახლოებით, 7,1 მილიარდი ევროს შემოსავალი ჰქონდა.