მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Credit Suisse-ის ობლიგაციების ჩამოწერის გამო, ინვესტორები შვეიცარიას უჩივიან

645269cd5ddfc
გიორგი თოლორდავა
03.05.23 18:52
1096
საერთაშორისო ინვესტორების კონსორციუმი შვეიცარიის საფინანსო ბაზრების მარეგულირებელ ორგანოს სასამართლოში უჩივის, მიზეზი გაკოტრებული Credit Suisse-ის ობლიგაციების ჩამოწერაა, რის გამოც ინვესტორებმა 1.7 მილიარდი დოლარის ზარალი მიიღეს.

საქმე ისაა, რომ კოლაფსიდან რამდენიმე საათში ცენტრალურმა მარეგულირებელმა Credit Suisse-ს დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის ღირებულების ობლიგაციების ჩამოწერის უფლება მისცა, რასაც ინვესტორებს აშკარა კანონდარღვევად მიიჩნევენ.

ბრალდების მხარის მტკიცებით, მარეგულირებელმა ნაჩქარევად დაადასტურა ქვეყნის ისტორიაში დაფიქსირებული ყველაზე მასშტაბური გარიგება, რაც აჩენს იმის ეჭვს, რომ უწყების ქმედება მიზანმიმართულად ემსახურებოდა UBS-ის ინტერესებს და უგულებელყოფდა Credit Suisse-ის ინვესტორების უფლებებს, რომლებმაც ამ $3.2-მილიარდიანი გარიგებით კოლოსალური ზარალი მიიღეს.

ზემოხსენებულ ინვესტორთა შორისაა: 90-მდე საფინანსო ინსტიტუტი და 700-მდე კერძო ინვესტორი, ეს ის პირები იყვნენ, რომლებსაც Credit Suisse-ის მიერ გამოშვებული ობლიგაციები ჰქონდათ ნაყიდი.

საჩივრის გარდა, ამ გარიგების საკითხზე ქვეყნის პროკურატურამ გამოძიებაც დაიწყო. ოფიციალური უწყების განმარტებით, UBS-Credit Suisse-ის შერწყმა უპრეცედენტოდ სწრაფად მოხდა, რაც არალეგალურობის გარკვეულ რისკებს შეიცავს.

მოგეხსენებათ, რომ უმსხვილესი ბანკების შერწყმის გადაწყვეტილება გასული თვის შაბათ-კვირას, 48-საათიანი მსჯელობის შედეგად იქნა მიღებული და ის, თავისი არსით, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომელიც შვეიცარიის საბანკო-საფინანსო სექტორის კრიზისისგან გადარჩენას ისახავდა მიზნად.

მოლაპარაკებების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი როგორც მთავრობის, ასევე ეროვნული ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მაღალჩინოსნები. UBS-ის ხელმძღვანელობის განმარტებით, გაკოტრებული Credit Suisse-ის შესყიდვა ბანკის პირდაპირ ინტერესებში არ იყო, თუმცა ეს ერთადერთი გზა იყო კრიზისის თავიდან ასარიდებლად.

პროკურატურის განმარტებით, მსგავსი მასშტაბით გადაწყვეტილება სათანადო შესწავლას და გამოძიებას საჭიროებს, რათა თავიდან იქნეს არიდებული უკანონობის რისკები. აღსანიშნავია, რომ UBS-CS-ის შერწყმამ ექსპერტთა ნაწილის მხრიდან მწვავე კრიტიკა გამოიწვია, რადგან აღნიშნული გარიგება ქვეყანაში აბსოლუტური საბანკო მონოპოლიის გაჩენის რისკებს შეიცავს, რომლის აქტივების მოცულობა შვეიცარიის მშპ-ზე თითქმის ორჯერ მეტი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები