მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცხოველების ავეჯის წარმოებაში Kuka-ს რობოტები 2-3 კვირაში ჩაერთვებიან - Georgian Products

61f161f39f913
ვიქტორია მღებრიშვილი
27.01.22 00:20
1101
Georgian Products-ის დამფუძნებლის თქმით, ცხოველების ავეჯის წარმოების პროცესში გერმანული კომპანია Kuka-ს რობოტები 2-3 კვირაში ჩაერთვებიან.

როგორც დავით ბარდაველიძემ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, პანდემიის გამო რობოტექნიკის ტრანსპორტირება ვადებში გაჭიანურდა და კომპანიამ შეკვეთილი 6 რობოტიდან 3 გასული წლის დეკემბერში მიიღო.

დღეისთვის რობოტების მწარმოებელი გერმანული კომპანია Kuka-ს 3 რობოტი უკვე ჩამოვიდა და მონტაჟი მიმდინარეობს.

რობოტექნიკის ცნობილმა მწარმოებელმა Kuka-მ, რომლის პროდუქციას „მერსედესი“ და „პორშე“ იყენებენ, იმ სფეროში, სადაც სერიული მანქანა-დანადგარები არ არსებობდა, ეს ხაზი სპეციალურად ჩვენთვის განავითარა. პანდემიის გამო მხოლოდ ახლა ჩამოვიდა ეს ტექნიკა. 3 რობოტი უკვე ჩამოვიდა და მონტაჟი მიმდინარეობს. დარჩენილი სამის ჩამოსვლას კი ველოდებით. რობოტებს წარმოებაში 1-2 კვირაში ჩავრთავთ.

ვცდილობთ ჩვენს წარმოებაში თანამედროვე მანქანა-დანადგარების, ახალი ტექნოლოგიებისა და ხელნაკეთი წარმოების სინთეზი მოხდეს, რადგან ჩვენი მომხმარებლისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, მნიშვნელოვანია მასიური წარმოებისას თანამედროვე დანადგარების გამოყენებას ავუწყოთ ფეხი“, - აღნიშნა დავით ბარდაველიძემ.

მისი თქმით, კომპანია ევროპის ბაზარზე შინაური ცხოველების ავეჯის უმსხვილესი მწარმოებელია და Georgian Products-ს განვითარების 4-წლიანი გეგმა აქვს. „პარტნიორებთან ერთად 4 წლის განმავლობაში წარმადობის გაოთხმაგებას ვაპირებთ“, - აღნიშნა მან.

აღსანიშნია, რომ Georgian Products-მა წარმოების რობოტექნიკით აღჭურვისთვის, დაახლოებით, 700 000 ევროს მოცულობის ინვესტიცია განახორციელა. 2014 წლიდან ამოქმედებული კომპანია დღეისთვის 1 მლნ ერთეულ ცხოველის ავეჯს ამზადებს და 550 ადამიანს ასაქმებს. კომპანიამ დამატებით ცხოველის საკვების წარმოებაც დაიწყო. მიმდინარე წელს კი შინაური ცხოველებისთვის სათამაშოების წარმოების ხაზის გამართვასაც გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები