ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, თუ ქვეყანას ენერგოუსაფრთხოების კუთხით დასჭირდა, გაზსაცავის პროექტი ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს, მიუხედავად იმისა, მომგებიანი იქნება თუ არა ის ეკონომიკურად. ამის შესახებ კაკაურიძემ BMG-სთან საუბრისას განაცხადა.
"გაზსაცავზე ჯერ კვლევაა დასასრულებელი, რა ეკონომიკური შედეგი ექნება მას. თუ გაზსაცავს ეკონომიკური სარგებლიანობა არ ექნება კომპანიისთვის, ვფიქრობ, რომ კომპანიამ არ უნდა დააფინანსოს. კომპანიამ უნდა დააფინანსოს ის, რაც მისთვის კომერციულად მიმზიდველი იქნება. თუ ჩვენ უახლოეს პერიოდში დაგვჭირდება გაზსაცავის დაფინანსება ენერგოუსაფრთხოების კუთხით, მაშინ ეს უნდა დაფინანსდეს ბიუჯეტიდან სხვა პროექტების შემცირების ხარჯზე. თუმცა ამასაც სჭირდება კვლევა, რამდენად უზრუნველყოფს ენერგოუსაფრთხოებას გაზსაცავის მშენებლობა და რამდენად არსებობს სხვა ალტერნატიული წყაროები იმისთვის, რომ ენერგოუსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი", - განაცხადა კაკაურიძემ.
აღნიშნულ თემაზე განმარტება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ პარლამენტში, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაზეც გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ გაზსაცავის დაფინანსებისთვის GOGC-მა გერმანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (KFW) 150 მილიონი ევროს სასესხო შეთანხმებას ხელი 2018 წლის აგვისტოში მოაწერა, თუმცა 2020 წელს სესხის ძირითად ნაწილს - 120 მილიონ ევროს დანიშნულება შეეცვალა და ის ცენტრალური ბიუჯეტისკენ გადამისამართდა. მთავრობამ ეს თანხა პანდემიასთან ბრძოლისთვის აითვისა. შესაბამისად, ამჟამად თავად გაზსაცავის პროექტი დაფინანსების წყაროს გარეშეა დარჩენილი.