დავით კეზერაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას" საკონტროლო პაკეტზე უარს ამბობს და წილის ნახევარს კოლექტივს გადასცემს. მისი განცხადებით, ოლიგარქიული მმართველობის დასრულების შემდეგ, ტელეკომპანიის კოლექტივს დარჩენილ წილსაც გადასცემს. განცხადება კეზერაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ამასთან, კეზერაშვილის თქმით, ხელისუფლების შეცვლისა და საქართველოს ევროინტეგრაციის შემდეგ, ის ქართული პოლიტიკიდანაც დისტანცირდება.
"მრავალი წელია, მეც და ჩემს ოჯახსაც არაერთხელ გვიფიქრია, ხომ არ ჯობს, თავი დავანებოთ ბრძოლას და მშვიდი რეჟიმით ვიცხოვროთ, რამდენად ეს შესაძლებელია იძულებით ემიგრაციაში. ამ დღეებში ეს საკითხი კიდევ ერთხელ გახდა ჩვენთვის აქტუალური, მაგრამ როგორც კი მსგავს პერსპექტივას ვუშვებთ, მაშინვე ვგრძნობთ პასუხისმგებლობას. როგორ შეიძლება, ვდისტანცირდე ყველაფრისგან მაშინ, როდესაც შემიძლია თუნდაც ერთი აგური დავდო რუსული ოლიგარქიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამიტომ ვაცხადებ, რომ ჩემ ირგვლივ შექმნილი მძიმე გარემოს მიუხედავად, პროცესებიდან ჩემი გასვლა არ განიხილება. თუმცა ვიღებ გადაწყვეტილებას ჩემი დახმარების პარალელურად ტელეკომპანია „ფორმულას" მივცე სრულიად ახალი და გამოცდილებით უნიკალური მედია-მოდელის შექმნის შესაძლებლობა, რომელიც კიდევ უფრო მაღლა აწევს მისი სარედაქციო დამოუკიდებლობის თამასას, მათ შორი ჩემგანაც (რისი დეფიციტიც არხს არც ამ დრომდე ჰქონია). გადაწყვეტილება ასეთია: მე უარს ვამბობ "ფორმულას" საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს. მას შემდეგ კი, რაც დასრულდება ოლიგარქიული მმართველობა, "ფორმულას" კოლექტივსვე სრულად გადავცემ ჩემს დარჩენილ წილსაც. ივანიშვილის ფაქტორის გაქრობისა და დასავლურ სივრცეში საბოლოოდ შესვლის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, თავისუფალ მედიას ჩემი მონაწილეობის გარეშეც გაუჩნდება ბევრი სხვა საარსებო წყარო და აქ დაესმება წერტილი ჩემს აქტივობას მედიის მხარდაჭერის მიმართულებით და ზოგადად, ყველა ტიპის ჩართულობას ქართულ პოლიტიკაში",- აღნიშნულია დავით კეზერაშვილის განცხადებაში.
ცნობისთვის, BBC-მ ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე საგამოძიებო ფილმი გამოაქვეყნა, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი, „მისტერ ოფშორად" არის მოხსენიებული. მასალის მიხედვით, გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების ძარცვის სქემა, რომლის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული. სტატიაში, რომელიც ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ფილმის გასაჯაროებამდე ერთი დღით ადრე გამოაქვეყნა, მილიარდამდე დოლარის გამოძალვაზეა საუბარი. სტატიაში ნათქვამია, რომ კიბერთაღლითობის გლობალურმა ქსელმა ინვესტორები გაძარცვა. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, თავდაპირველად ისინი ტელეფონით უკავშირდებოდნენ ადამიანებს და შემოსავლების იოლად მიღების გზებს სთავაზობდნენ, საბოლოოდ კი მათ საკრედიტო ბარათების მონაცემებს ართმევდნენ და ძარცვავდნენ. სქემაში 152 კომპანია ფიგურირებს, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა „სოლო ქეფითალსი".
დავით კეზერაშვილი პენსიონერების ძარცვასთან კავშირს უარყოფს და ჟურნალისტური გამოძიების ავტორებთან სამართლებრივი პროცესის დაწყებას აანონსებს.
ბიზნეს რეესტრის ამონაწერის თანახმად, ტელეკომპანია ფორმულას პარტნიორთა სია ასე ნაწილდება:
მიხეილ მშვილდაძე - 12.25%
ირაკლი საღინაძე - 12.25%
ზურაბ გუმბარიძე - 12.25%
გიორგი ლიფონავა - 12.25%
დავით კეზერაშვილი - 51%.
ტელეკომპანიის დირექტორის პოსტი ზურაბ გუმბარიძეს უჭირავს.
დავით კეზერაშვილი ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი 2019 წლის სექტემბერში გახდა.