საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე საკითხები გააცნო.
დავით ნარმანიამ განმარტა ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელის გახსნის გადავადების მიზეზები და აღნიშნა, რომ სემეკმა ბაზრის მონაწილეებს შესასრულებლად დამატებითი ღონისძიებები განუსაზღვრა.
„მთავრობის გადაწყვეტილებით, ბაზრის გახსნა გადავადდა პირველ ივლისამდე, რაც განპირობებული იყო რიგი მიზეზებით. ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი რეგიონში არსებული გამოწვევებია. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მზადყოფნა ახალი ბაზრის მოდელის ამოქმედების დღისთვის. აუცილებელია, რომ ორივე სადგური მზად იყოს მისი საპროექტო დადგმული სიმძლავრის სულ მცირე 70-80%-ის გამომუშავებისთვის, რაც წყლის დონის გათვალისწინებით, სწორედ ზაფხულის პერიოდისთვის არის ხოლმე შესაძლებელი. ამასთანავე, სემეკში რამდენჯერმე მოვისმინეთ სახელმწიფო ელექტროსისტემის, ენერგეტიკული ბირჟისა და ესკოს ანგარიშები ბაზრის გახსნის მზაობასთან დაკავშირებით. მათ მიერ შესრულებულია ძირითადი სამუშაოები, ამავდროულად ჯერ კიდევ რჩება რიგი ღონისძიებებისა, რომელთა შესრულებაც ბაზრის შეუფერხებლად გახსნისთვის ასევე მნიშვნელოვანია,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.
სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა განახლებადი ენერგიების ათვისების ხელშემწყობ მექანიზმებზეც და ყურადღება გაამახვილა ნეტო აღრიცხვაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობის ზრდაზე.
„ბოლო მონაცემებით, ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართულია 760 სადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრე აღემატება 39 მეგავატს. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებზე რეგიონებში უფრო მეტი მოთხოვნაა და დღეისთვის „ენერგო პრო ჯორჯიას“ 537 სადგურია ჩართული ქსელში. ამასთანავე, განვითარების ტემპი მზარდია თბილისშიც. ნეტო აღრიცხვაზე მოთხოვნის ზრდა განაპირობა სემეკის ხელშემწყობმა რეგულაციებმა. მათ შორის, 500 კილოვატამდე გავზარდეთ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე, დავნერგეთ ვირტუალური მოხმარების შესაძლებლობა, როდესაც ელექტროენერგიის გამომუშავება შესაძლოა მოხდეს ერთ მისამართზე, ხოლო მისი გამოყენება, სხვა მისამართზე, მთავარია, რომ ორივე მისამართს ემსახურებოდეს ერთი და იგივე გამანაწილებელი ქსელი. მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ მომხმარებელს შეუძლია ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგიის გადანაწილების მიზნით, შექმნას ჯგუფი და მათ გაუზიაროს გამომუშავებული ელექტროენერგია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
დავით ნარმანიას თქმით, სხვა პროექტებთან ერთად, სემეკი ამჟამად აქტიურად მუშაობს მომსახურების სერვისების გამარტივებასა და ერთიანი პორტალის შექმნაზე, სადაც მომხმარებელს შეეძლება კომუნალურ სერვისებთან დაკავშირებული ყველა ოპერაციის შესრულება.
(NS)