პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც ბიუჯეტის 2022 წლის პროექტის პირველად ვერსიას განიხილავდნენ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიას დეპუტატებმა ჰკითხეს, არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით მოსალოდნელია თუ არა ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების დაწესება.
„შეზღუდვების დაწესება მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს გადასაწყვეტი არ არის, თუმცა ჩვენ მსგავს რეკომენდაციებს გავცემთ მხოლოდ მაშინ, როცა უკიდურეს ზღვრამდე მივდივართ და ვხედავთ, რომ ჯანდაცვის სექტორი ვეღარ გაუძლებს შემდეგ შემოტევას. არსებობს შეზღუდვები, მოკლევადიანი, მაგალითად ტრანსპორტის შეზღუდვა, როგორც კი ეს მოიხსნა, მობილობამ იმატა და შემთხვევები იმატებს.
გრძელვადიანი სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია იმ დადგენილი რეგულაციების დაცვა, რომელიც გვაქვს გასული წლის მარტიდან, რაც ითვალისწინებს პირბადის გამოყენებას, სოციალურ დისტანცირებას და ა.შ. თუ ამას რეგულარულად დავიცავთ, შედეგი გვექნება. ბოლო პერიდიოდში გამწვავება გამოიწვია იმან, რომ მობილობის უჩვეულო მატება გვაქვს, ქუჩის აქციებია, არჩევნები ჩატარდა“, - განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, ეს გარემო მართვადია, მაგრამ რაც არჩევნებს მოყვა, ეს რისკის ფაქტორს წარმოადგენს.
„2-3 დღის წინ გამოქვეყნდა კანადური კვლევა, რომლის თანახმად, დელტა-შტამი სწრაფად ვრცელდება. ეს ნიშნავს, რომ სიფრთხილე გაორმაგებულად არის საჭირო. ჯერჯერობით ჯანდაცვის სექტორი მზად არის, რომ შემთხვევები მიიღოს, მაგრამ ბუნებრივია, სამომავლოდ, სიტუაცია გართულდება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.