ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად 100 მლნ ევროს ინვესტიციას ახორციელებს, - ამის შესახებ EIB-ის ევროპის გუნდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
როგორც ევროპის გუნდში განმარტავენ, ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რომელიც ევროკავშირის ბანკს წარმოადგენს, COVID-19-ის პანდემიის დროს საქართველოს ძირითადი სამედიცინო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისა და გაუმჯობესების, ახალი სამედიცინო პერსონალის სწავლებისა და საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვების დაფინანსების უზრუნველსაყოფად 100 მლნ ევროს მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს.
აღნიშნული ინვესტიცია ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ COVID-19-ზე რეაგირებისა და პანდემიის პერიოდში „ევროპის გუნდის“ მიერ ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნებისათვის 6.7 მლრდ ევროს მოცულობის უზრუნველყოფილი დახმარების პაკეტის ნაწილს წარმოადგენს.
„ევროკავშირის გარანტიით უზრუნველყოფილი, ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი საქართველოს მთავრობას მისცემს შესაძლებლობას განახორციელოს საქართველოს შვიდი მთავარი საავადმყოფოს: ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს, ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს, ლისის საავადმყოფოს, რუხის საავადმყოფოს, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკისა და ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მოდერნიზება. ამ საავადმყოფოების რიცხვში შედის ის საავადმყოფოებიც, რომლებიც COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების მიმღებ საავადმყოფოებად გადაკეთდა და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შეჩერებაში.
ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსებით ასევე მოხდება თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობისა და ვაქცინების შეძენა, აგრეთვე COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტებისთვის სრულყოფილი დიაგნოსტიკური და სამკურნალო მომსახურების მიწოდების ეფექტიანი ჯაჭვის შექმნა“, - ნათქვამია EIB-ის ნევროპის გუნდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ჩვენი ინვესტიციის მიზანია, დავეხმაროთ საქართველოს ქვეყნის წამყვანი საავადმყოფოებისა და სამკურნალო ცენტრების მოდერნიზებაში, აგრეთვე სამედიცინო აღჭურვილობის შეძენასა და ახალი სამედიცინო პერსონალის სწავლებაში. აღნიშნული დახმარებით საქართველო შეძლებს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის გაუმჯობესებას, საკუთარი მოქალაქეებისა და სამედიცინო პერსონალის დაცვასა და შეიძენს თანამედროვე საშუალებებს პანდემიასთან გასამკლავებლად. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა დავხმარებოდით საქართველოს მოქალაქეებს ამ რთულ პერიოდში და შეგვეტანა საკუთარი წვლილი თანამედროვე და წარმატებული ქვეყნის მშენებლობაში“, - განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ტერეზა ჩერვინსკამ, რომელიც საქართველოში ბანკის საქმიანობაზე პასუხისმგებელია.
„100 მლნ ევროს (400 მლნ ლარის) მოცულობის შეღავათიანი სესხი განკუთვნილია ჯანდაცვის სისტემის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად - მნიშვნელოვანი საქმიანობის შესრულებაში იმ ქალებისა და მამაკაცების დასახმარებლად, რომლებიც ჩვენს მხარდაჭერასა და პატივისცემას იმსახურებენ. აღნიშნული თანხა ემატება იმ 1.5 მლრდ ლარის მოცულობის დახმარებას, რომლის მობილიზებაც ევროკავშირმა და „ევროპის გუნდმა“ საქართველოს დასახმარებლად წელს უკვე უზრუნველყო. ევროკავშირი აგრძელებს მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან, საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ადგილობრივ ბანკებთან იმისათვის, რომ დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს, სადაც ეს აუცილებელი და შესაძლებელია”, - განმარტა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა კი ევროპის საინვესტიციო ბანკს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თანამშრომლობის გაგრძელებისთვის საქართველოს მთავრობის მზაობა გამოთქვა.
„პანდემიის მეორე ტალღამ აუცილებელი გახადა შემდგომი გადაუდებელი ზომების მიღება. ჩვენ ვაფასებთ პარტნიორების სწრაფ რეაგირებას. ეს თანხა გამოიყენება პანდემიის დასკვნით ეტაპზე და ხელს შეუწყობს საქართველოს მიერ დაავადების მართვასთან, ლაბორატორიების შესაძლებლობების გაძლიერებასთან და ვაქცინის მარაგის შექმნასთან დაკავშირებული გადაუდებელი საჭიროებების დაფინანსებას”, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
აღნიშნული ინვესტიცია საქართველოს მთავრობას მისცემს შესაძლებლობას, გააუმჯობესოს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ხარისხი და მედეგობა, გააძლიეროს COVID-19-ის პანდემიაზე ეფექტიანი რეაგირების პოტენციალი და გადაარჩინოს ადამიანების სიცოცხლე საქართველოს 3.7 მილიონი მოქალაქისთვის უკეთესი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის გზით. ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოს მდგრადი სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის დღემდე უზრუნველყოფილი ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით 2 მილიარდ ევროს შეადგენს.