ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.
სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ყველა ბენეფიციარი დაბალრისკიან პორტფელში 2028 წლის იანვრამდე დარჩება. საპენსიო სქემის ბენეფიციარს მხოლოდ ინდივიდუალური გადაწყვეტილებით შეეძლება დანაზოგის საშუალო ან მაღალრისკიან პორტფელში გადატანა.
"პორტფელებს შორის განსხვავება არის სწორედ იმ სხვადასხვა საინვესტიციო ინსტრუმენტების წილი და შემადგენლობა, რომელიც ე.წ მაღალრისკიან პორტფელში წილობრივი ფასიანი ქაღალდების შეძენის შესაძლებლობაა, რომელიც შესაძლებელია ასევე იყოს ჰესი. ამიტომ, რაც უფრო მეტრი რესურსი იქნება ე.წ მაღალრისკიან პორტფელებში გადანაწილებული, მით უფრო მეტი რესურსი იქნება ხელმისაწვდომი მსგავს პროექტებში საინვესტიციოდ. მაშინ, როცა ე.წ დაბალრისკიანი პორტფელი ასეთი ტიპის ინვესტიციებს არ ითვალისწინებს და იქ არის უფრო დეპოზიტები, ფასიანი ქაღალდები და ა.შ. ამიტომ, ეს კორელაცია აუცილებლად უნდა იქნეს დაცული, რადგან ეკონომიკაში მეტი ფული ნიშნავს მაღალრისკიან პორტფელში მეტი რესურსის გადატანას. ეს რა თქმა უნდა, მოქალაქეების გადასაწყვეტია", - ამბობს ნადარეიშვილი.
საპენსიო რეფორმის ამოქმედების შემდეგ, 5 წლის მანძილზე საპენსიო დანაზოგების ინვესტირება მხოლოდ ნაკლებრისკიან საინვესტიციო პორტფელში იყო შესაძლებელი. ახლა სქემას დაემატა მაღალრისკიანი და საშუალორისკიანი ინვესტირების შესაძლებლობები.