მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელჩი ნამახვანზე: ანტი-თურქული პროპაგანდა და Fake News-ები გარემოსდაცვითი პროტესტში იყო შეფარული

61c5954f2fbb7
შოთა ტყეშელაშვილი
24.12.21 15:23
690
საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი ამბობს, რომ ამ დროისთვის კომპანია ENKA-ს და საქართველოს მთავრობას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები. დიპლომატი იმედს გამოთქვამს, რომ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა მოხდება. ამასთან, ელჩი საუბრობს იმ საპროტესტო მოძრაობაზე, რომელიც ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით იყო, მისი თქმით, გარემოსდაცვითი ლოზუნგების მიღმა ანტი-თურქული პროპაგანდა და ფეიქ ნიუსები იდგა.

“მინდა მოგახსენოთ, რომ ENKA და საქართველოს მთავრობა საუბრობენ და მათი მხრივ მე ვერ ვისაუბრებ. საქართველოში არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და წარმატებული თურქული ინვესტიციები, რომლებიც განხორციელდა.

რაც შეეხება ენერგეტიკის სექტორს, აქ შესაძლებელია მეტი ინვესტიციის შემოსვლა და მე იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ასეც იქნება. ამ მიმართულებით დივერსიფიკაცია არამხოლოდ ჰიდრო, არამედ ქარის სადგურებსაც შეეხება და იმედი მაქვს, რომ ჩვენ მეტ ასეთ პროექტს ვიხილავთ.

რაც შეეხება ნამახვანის ეპიზოდს, მე აქამდეც ვთქვი მედიასთან და ახლაც გავიმეორებ, ჩვენ ამ პროცესის დროს, ვიხილეთ ანტი-თურქული პროპაგანდა, რომელიც შეფარული და დამალული იყო გარემოსდაცვითი პროპაგანდის უკან. მე იმასაც ვიტყოდი, რომ ამ პროცესში გამოყენებული იყო ზოგიერთი ქართული პროგრესული სატელევიზიო არხიც, რომელთაც თავად თურქეთის საწინააღმდეგო შეხედულებები არ აქვთ. მთლიანად მწვანეთა და გარემოსდაცვითი დღის წესრიგი იყო ბოროტად გამოყენებული მათ მიერ, ვისაც არ სურს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების განვითარება. შესაბამისად, ყველა ამ მხარეს აქვს პასუხისმგებლობა და გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ ყველამ აქედან უნდა ვისწავლოთ. იმედი მაქვს კომპანიას და მთავრობას შორის შეთანხმების მიღწევა მოხდება. ეს მათი საქმეა, თუმცა ჩემი მხრივ შემიძლია გითხრათ, რომ აუცილებელია ფეიქ ნიუსის და პროპაგანდის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა.

თქვენც დამეთანხმებით, რომ ეს იყო მითი, რომ ქუთაისს ცუნამი დაატყდებოდა, თუკი ნამახვანი აშენდებოდა,”- ამბობს თურქეთის ელჩი.

კომპანია ENKA-მ სექტემბერში თურქეთის საფონდო საფონდო ბირჟაზე ფორს-მაჟორისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფოსთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გააკეთა განცხადება. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია ამჟამად საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის დასაწყებადაც ემზადება.

ENKA-ს მიერ პროექტიდან გასვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტი არსებული სახით არ განხორციელდებოდა. ამასთანავე, მთავრობის გადაწყვეტილებით, ENKA-მ ჰესის მშენებლობა შეაჩერა, რადგანაც მასზე მორატორიუმი გამოცხადდა.

რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ თუკი კომპანიასთან შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება, შესაძლოა პროექტი საქართველოს მთავრობამ თავად განახორციელოს. 

"ENKA თუ არ დარჩება პროექტში, მომავალში ეს პროექტი შეიძლება თვითონ სახელმწიფომ განახორციელოს, რაც ურიგო არ იქნება, იმ კითხვების გათვალისწინებით, რა კითხვებიც ჩნდება ამ საკითხთან დაკავშირებით. შეიძლება სრულად არ იყოს სახელმწიფო და სხვა ინვესტორიც მოვიყვანოთ, მაგრამ რაც მთავარია, „ნამახვანჰესის“ პროექტმა ძალიან ბევრი რამ გვასწავლა, რომ მსხვილ პროექტების განხორციელებისას მართლაც განსხვავებული მიდგომა და მთავრობის მხრიდან მეტი მუშაობაა საჭირო“, - განაცხადა მინისტრმა,"- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები