„ეს არის პოზიტიური, წინგადადგმული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“, - ასე აფასებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით 5 მეგავატზე მეტი სიმძლავრის ახალი ჰესები სახელმწიფოსგან ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ.
„ეს წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან მთელი ორი-სამი წლის განმავლობში გვქონდა უზარმაზარი წყვეტა, რადგან აღარ გაიცა გარანტირებული ხელშეკრულებები იმ ფორმით, რა ფორმითაც ხდებოდა და დაიწყო ახალ მოდელზე ფიქრი. ეს მოდელი უკვე გვაქვს, დაახლოებით ვიცით როგორ იმუშავებს და ამან ენერგეტიკულ სექტორში უნდა მეტი ინტერესი უნდა გააჩინოს, რათა ინვესტიციები შემოვიდეს.
როცა ინვესტორს აქვს მკაფიო სიგნალი და შეიძლება მარტივად დათვალოს შემოსავალი და ხარჯი, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ხვალ და ზეგ ექნება შესაძლებლობა, რომ დაიწყოს (პროექტი). ეს ასევე მნიშვნელოვანია ბანკებისთვისაც, რათა ბანკებმა იცოდნენ, რა ფორმით დაფინანსდება და მოხდება ანგარიშსწორება ელექტროსადგურთან, რომ საინვესტიციო პორტფელი გააფართოვონ გენერაციის ამ სექტორში“, - განაცხადა ვეფხვაძემ.
საქართველოს მთავრობა საქართველოში ჰესების მშენებლობით დაინტერესებულ პირებს ასეთ პირობებს სთავაზობს - თუ მათი ობიექტის დადგმული სიმძლავრე 5 მეგავატზე მეტი იქნება, ოპერირების დაწყებიდან პირველი 10 წლის განმავლობაში, წელიწადში რვა თვე, გარდა მაისიდან-აგვისტოს ჩათვლით პერიოდისა, ენერგეტიკულ ბირჟაზე გაყიდულ ყოველ 1 კილოვატსაათზე, პრემიალურ ტარიფს - 1.5 ცენტს მიიღებენ, თუმცა არა ყველა შემთხვევაში.
საქმე იმაშია, რომ მთავრობამ წონასწორული ფასი დაადგინა, რაც 5.5 ცენტია და თუ ამაზე იაფი იქნება კონკრეტულ დღეს ელექტროენერგიის ფასი ბირჟაზე, სხვაობას ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი (ესკო) დაფარავს, არაუმეტეს 1.5 ცენტის ფარგლებში. შესაბამისად, ესკო ტარიფის შემავსებლის ფუნქციას შეასრულებს.
აქვე, საქართველოს მთავრობა უშვებს, რომ სადგურის სპეციფიკის ან მნიშვნელობის გათვალისწინებით, შესაძლებელია, შემუშავებულ იქნეს ამ მხარდაჭერის სქემისაგან განსხვავებული პირობები.
ესკო-სგან თანხას ჰიდროელექტროსადგური ეროვნულ ვალუტაში, კონკრეტული დღის კურსით მიიღებს.