მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონე საპროექტო მინიმუმს ჩამოსცდა - რა გამოწვევის წინაშეა ქვეყანა?

63777f2edd97e
ნინო ტაბატაძე
18.11.22 16:59
2930
ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონე საპროექტო მინიმუმს ჩამოსცდა. როგორც „ენგურჰესის“ ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ BMGTV-ს ეთერში განმარტა, წყალსაცავში წყლის მარაგის ამ პერიოდში გახარჯვა წელს პირველად მოხდა. მიზეზი კი, ელექტროენერგიაზე მოთხოვნილების პერმანენტული ზრდაა, განსაკუთრებით აფხაზეთის რეგიონში.

მისი თქმით, 2022 წელს ქვეყნის უდიდესი ჰესის ჯამური გამომუშავება 4.5 მლრდ კვტ.სთ-ს მიაღწევს, რაც საშუალო მაჩვენებელზე უკეთესი შედეგია, თუმცა ზამთრის პერიოდში ჰესის სიმძლავრე 100 მეგავატამდე შემცირდება. 

„ცუდი არის ის, რომ ზამთრისთვის ენგურჰესი კარგავს იმ როლს და მნიშვნელობას, რაც მას აქვს პროექტით მინიჭებული. სიმძლავრე მცირდება 100 მეგავატამდე, რაც ძალიან ცოტაა ენგურჰესისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ძირითადი დატვირთვა მოვა თბოსადგურებსა და იმპორტზე. იმედია, მოსახლეობა ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით ამას არ იგრძნობს. აფხაზეთი კი, რუსეთიდან იმპორტის გარეშე, ფაქტობრივად, ენერგიის გარეშე რჩება“, - ამბობს BMG TV-თან გია ხუბუა.

მისი თქმით, ზამთრის ჩამონადენით ენგური გალი-ოჩამჩირეზე მეტს ვერ დააკმაყოფილებს.

შეგახსენებთ, 1990-იანი წლების შემდგომ, ოკუპირებულ აფხაზეთსა და საქართველოს შორის შემდგარი პირობითი შეთანხმების თანახმად, საქართველოს უმსხვილესი ელექტროსადგურის - ენგურჰესის და ვარდნილჰესის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის განაწილება 40%-60%-ზე უნდა ყოფილიყო. აღნიშნული განაწილების მიზეზს წარმოადგენდა ფაქტი, რომ ენგურჰესის მართვის პულტი და აგრეგატები საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის მიღმა დარჩა. შესაბამისად, აფხაზური მხარე აღნიშნულ ელექტროენერგიას საქართველოსგან უსასყიდლოდ იღებს. ელექტროენერგიის წარმოების 40%-60%-ზე განაწილების შეთანხმების მიუხედავად, ფაქტობრივად, ოკუპირებული აფხაზეთი ენგურჰესისა და ვარდნილჰესის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გაცილებით უფრო დიდ ნაწილს მოიხმარს. პარალელურად, წლიდან წლამდე მზარდია რეგიონის ელექტრომოხმარებაც, რაც ადგილზე კრიპტოვალუტების უკონტროლო მაინინგს უკავშირდება.

"ენგურჰესის" დირექტორის განცხადებით, წელს შეთანხმებული პროპორცია მკვეთრად არ დაირღვევა.  

 "ჩვენი შეფასებით, წლის ბოლოსთვის, დაახლოებით, 55-45%-ზე შეიძლება იყოს ეს მაჩვენებელი. ეს წლის ბოლოს, წყლის მოცულობაზე იქნება დამოკიდებული. სხვა დროს ბალანსი უფრო მეტად ირღვეოდა, თუმცა წელს უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. ეს გამოწვეულია მაღალი გამომუშავებით. გაზაფხული-შემოდგომის პერიოდი ძალიან კარგი იყო. ოქტომბერშიც ჰესი ძალიან კარგად მუშაობდა. ამასთან, ოქტმბერში, აფხაზეთში, წინა წელთან შედარებით მოხმარებაც შედარებით ნაკლები იყო. ზუსტად თქმა რთულია, მაგრამ, სავარაუდოდ, ჩვენ ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის 55-58%-ს მივიღებთ. ეს დამოკიდებულია ამინდსა და მოხმარებაზე”, - განაცხადა ცოტა ხნის წინ  ლევან მებონიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები