მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენგურის კაშხალს 5 და 10-ლარიანი ტურები დაემატება - "ობიექტი დიდი ინტერესით სარგებლობს"

620f5fcc3e189
ინგა მურუსიძე
18.02.22 14:50
2064
გასული წლის ნოემბერში, ენგურჰესის კაშხალზე, პირველი ტურისტული მარშრუტი გაიხსნა. როგორც სახელმწიფო შპს "ენგური ატრაქციის“ დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე მაშინ ამბობდა, ახალი ტურისტული ატრაქციის მოწყობის ბიუჯეტი 100 000 ლარი იყო.

Bm.ge დაინტერესდა, რამდენად დიდი ინტერესი გამოიწვია ახალმა ატრაქციამ და ძირითადად ვინ სტუმრობს მას.

როგორც ნიკოლოზ ანთიძე გვიყვება, ობიექტს გახსნიდან დღემდე 100-მდე ვიზიტორი სტუმრობდა. მისი თქმით, სტუმრების არც ისე დიდი რაოდენობის სავარაუდო მიზეზი ნაწილობრივ ზამთარი და ნაწილობრივ კოვიდ-ინფექცია იყო, რადგან იანვრის ბოლოს თანამშრომლებში ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო, ობიექტის დროებით დახურვა მოუწიათ.

მისივე ინფორმაციით, ენგურის კაშხლით უფრო მეტად უცხოელები ინტერესდებიან, ვიდრე საქართველოს მოქალაქეები. კაშხლის ადმინისტრაციას ძირითადად ტურისტული კომპანიები უკავშირდებიან, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოყვანილ სტუმრებს სწორედ ამ ობიექტის დათვალიერებას სთავაზობენ.



რაც შეეხება ტურებს, ნიკოლოზ ანთიძის თქმით, ადმინისტრაციამ ამ დრომდე იქ მისული სტუმრების რეკომენდაციები, შენიშვნები გაითვალისწინა და 20-ლარიან, 2 საათიან ტურს მარტიდან კიდევ ორი, შედარებით იაფიანი ტურები დაემატება.

„ინტერესი დიდია. ვიღებთ რჩევებს, რეკომენდაციებს, რომ ტური უფრო მეტად განვითარდეს. ახლა ვამატებთ კიდევ ორ ტურს, რომელიც ფასითაც და დროითაც განსხვავებული იქნება. ალბათ მარტის შუა რიცხვებიდან იქნება ახალი ტურები ხელმისაწვდომი. ერთი ტური, რომლის შეძენაც 10 ლარად იქნება შესაძლებელი, მოიცავს კაშხალზე შესვლას და წყლის მიმღების დათვალიერებას (დაახლოებით, ნახევარი საათით), მეორე იქნება კაშხლის აივანზე საფეხმავლო ტურით გავლა ექსტრემალის მოყვარულებისთვის - 5 ლარად (ხანგრძლივობა დაახლოებით 1 საათი). რა თქმა უნდა, იმოქმედებს ასევე 20- ლარიანი გრძელი ტურიც, რომელიც ახლაც გვაქვს. ბუნებრივია, სტუდენტებზე, შშმ პირებსა და 6 წლამდე ასაკის მოზარდებზე შეღავათები ვრცელდება“, - განაცხადა ანთიძემ.

გარდა ამისა, „ენგური ატრაქციის“ დირექტორის ინფორმაციით, უკვე დასრულდა ვირტუალური სივრცის ოთახის მოწყობის პროექტირება და მისი განხორციელებაც იწყება. პროექტის ღირებულება 250 ათას ლარამდეა და ის ენერგეტიკის განვითარების ფონდის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

„პროექტის განხორციელება მარტში დაიწყება და ზაფხულის დასაწყისში აუცილებლად გაიხსნება. დამთვალიერებელს შეეძლება ვირტუალურად, სპეციალური ეფექტებით მოინახულოს ენგურჰესის ის მხარე, რომელიც აფხაზეთის რეგიონში მდებარეობს“, - ამბობს ანთიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები