მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ეს არის რაღაც თამაშობანა, ამ პირობებში გახსნას აზრი არ აქვს”- რესტორანი "ზაზანოვა"

6040ef9da2e2c
ანა ჯოხაძე
04.03.21 19:04
1446
სარესტორნე ბიზნესი ქვეყანაში არსებული შეზღუდვების შემსუბუქებას ითხოვს. კონკრეტულად საუბარია კომენდანტის საათის გაუქმებასა და შაბათ-კვირას მუშაობის აღდგენაზე. როგორც ისინი ამბობენ, თუ ამ მიმართულებით შეზღუდვების შემსუბუქება არ მოხდება ბაზარს არაერთი კომპანია დატოვებს.

რესტორან "ზაზანოვას" დამფუძნებელი ამბობს, რომ მან “ზაზანოვას” არც ღია სივრცე გახსნა და 8 მარტიდან არც შიდა სივრცეში დაიწყებს სტუმრების მიღებას. მარინა სალუქვაძის განმარტებით, არსებულ პირობებში მას ფუნქციონირება არ უღირს, რადგან ასეთ პირობებში გახსნა დიდ ფინანსურ რესურსებთანაა დაკავშირებული. არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით მიღებული შემოსავალი კი მიზერული იქნება.

“ამ პირობებში გახსნა არის დამატებითი ხარჯი, რომლის არანაირი რესურსი უკვე აღარ გაგვაჩნია. ჩვენი სტუმარი არის ადამიანი, რომელსაც აქვს შემოსავალი, მუშაობს ან ონლაინ ან ოფისში, დილიდან საღამოს 7 საათამდე. შაბათ-კვირას ეს ადამიანი ისვენებს. ჩვენ როცა 8 საათზე უნდა დავასრულოთ მუშაობა როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ამ პირობებში გაწულ გაწეულ ხარჯებს ავანაზღაურებთ? თანამშრომლებს ხელფასი როგორ უნდა გადავუხადოთ? არანაირი შემოსავალი არ გვაქვს. სანამ არ მოიხსნება კომენდანტის საათი და შაბათ-კვირის შეზღუდვა, რომელიც საერთოდ არ მესმის რას ემსახურება, გახსნას აზრი არ აქვს. ეს არის რაღაც თამაშობანა- მოდი შენ გაიხსენი, მაგრამ ნუ იმუშავებ, მე კი დაგარქმევ რომ გახსნილი ხარ”-აცხადებს რესტორან ზაზანოვას დამფუძნებელი მარინა სალუქვაძე.

ცნობისთვის, თბილისში რესტორნებმა შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით გარე სივრცეები 15 თებერვლიდან გახსნეს, 8 მარტიდან კი თბილისის მასშტაბით რესტორნები სტუმრების მიღებას უკვე შიდა სივრცეებშიც შეძლებენ. ჯერ კიდევ ძალაში რჩება შაბათ-კვირას საქმიანობის შეზღუდვა.

გახსნის შემთხვევაში რა რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ რესტორნებს როგორც შიდა, ისე გარე სივრცეებში შეგიძლიათ იხილოთ აქ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები