მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესპანეთი გვალვასთან საბრძოლველად €2 მილიარდს გამოყოფს

645e348d6800e
სალომე ხიდურელი
12.05.23 17:05
617
“ევროპის ბოსტნეულის ბაღებში” რეზერვუარებში წყლის დონე საგანგაშოდ დაბალია. ესპანეთში ავზები, რომლებშიც წვიმის წყალი ცხელ და მშრალ თვეებში გამოსაყენებლად მარაგდება, მხოლოდ ნახევრად, უფრო ზუსტად კი 48.9%-ითაა სავსე.

ესპანეთის მთავრობამ დღეს, 12 მაისს, გამოსცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, წყლის რესურსებსა და აგრიკულტურაზე გვალვის მძიმე გავლენების შესამსუბუქებლად 2 მილიარდ ევროზე მეტი დაიხარჯება.

გამოყოფილი €2.19 მილიარდიდან ძირითადი, თითქმის ⅔ ნაწილი (€1.4 მილიარდი) ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდება. შეიქმნება ზღვის წყლის დესალინაციისა და უკვე დახარჯული წყლის მრავალჯერადი გამოყენებისთვის საჭირო სისტემები.

თანხის დარჩენილი ნაწილი (€784 მილიონი) კი აგრიკულტურის სექტორის ხელშეწყობისთვის გამოიყოფა და საშინაო მეურნეობებსა და რძის მწარმოებლებს დაეხმარება.

თანხების გადაუდებელი მობილიზება მინისტრთა შეხვედრაზე გამოცხადდა. პრობლემის სიმწვავეზე ისაუბრეს ესპანეთის პრემიერ მინისტრმა პედრო სანჩესმა და ეკოლოგიის მინისტრმა ტერეზა რივერამ, რომლით თქმითაც, მიუხედავად ესპანეთის მშრალი კლიმატისა, გლობალური დათბობის გამო, ქვეყანაში გვალვის პერიოდები უფრო გახშირდა და გამწვავდა.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ხელისუფლებამ დადგენილება მუნიციპალურ და რეგიონულ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე მიიღო, წყლის დეფიციტი კი მთავრობის საარჩევნო კამპანიის ნაწილად იქცა. მემარჯვენე ოპოზიცია მთავრობას ელექტორალიზმში ადანაშაულებს.

მიმდინარე წელს ესპანეთში 1961 წლის შემდეგ ყველაზე ცხელი აპრილი დაფიქსირდა. ქვეყნის ფერმერთა გაერთიანების გამოთვლებით, სახნავი მიწების 60% უნალექობის გამო მძიმე პირობებშია, მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი ევროპის “ბოსტნეულის ბაღადაა” მიჩნეული.

ესპანეთში წყლის დეფიციტმა და გვალვამ უკვე მრავალი ფერმერი აიძულა, საგაზაფხულო მიწის სამუშაოები მიეტოვებინა, რაც განსაკუთრებით აისახება ბურღულეულისა და ზეთის მარცვლეულზე, რამაც საკვები დეფიციტისა და მომატებული ფასების რისკი გააჩინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები