მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ევრო 5 სტანდარტის დანერგვით ავტოიმპორტის ბიზნესს 80%-იანი ვარდნა ექნება“ - "ქარმარკი"

6409d70379c8b
თინათინ ნატმელაძე
09.03.23 17:20
1481
„თუ ევრო 5-ზე დაბალი ავტომობილების იმპორტი აიკრძალება, ავტოიმპორტის ბიზნესს 80%-იანი ვარდნა ექნება“, - ამის შესახებ კომპანია „ქარმარკის“ დაფმუძნებელმა, ირაკლი კუხიანიძემ BM.GE-ს განუცხადა.

საქმე იმაშია, რომ 2024 წლიდან საქართველოს მთავრობა ქვეყანაში დიდი წლოვანების ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას აპირებს. საუბარია ავტომობილების ევრო 5-ის სტანდარტის სავალდებულო წესით დანერგვაზე, რომლის მიხედვითაც ევრო 5-ზე დაბალი სტანდარტის მანქანების შემოყვანა მომავალი წლიდან შეიზღუდება. მთავრობის ინფორმაციით, რეგულაცია 2013 წლამდე გამოშვებულ მანქანებს შეეხება და ამ ინიციატივის განხორციელება, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შემცირებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

იმპორტიორი გვიყვება, რომ წლოვანების შეზღუდვას, შესაძლოა, კარგი შედეგებიც ჰქონდეს, თუმცა ატმოსფერულ ჰაერზე ზრუნვას სხვა მექანიზმები, კერძოდ ტექდათვალიერება სჭირდება.

„ევრო 5 სტანდარტი ამერიკაში არ არსებობს, ევროპას სხვა სტანდარტები აქვს და ამერიკას სხვა. მოგეხსენებათ, ჩვენ ავტომობილების ძირითადი ნაწილის იმპორტს ამერიკიდან ვახდენთ და ამ ვალდებულების დანერგვა ძალიან უარყოფითად იმოქმედებს ამ სექტორზე, რადგან ევროპაში ავტომობილების ფასი ძალიან მაღალია.

2013 წლამდე მანქანების გაყიდვები ისედაც ძალიან მცირეა, რადგან მომხმარებლები ძველი ავტომობილების ყიდვისგან თავს იკავებენ, ახალი მანქანების განბაჟებაც ბევრად იაფი და მარტივია. შესაძლოა, ამ შეზღუდვას ჰქონდეს დადებითი მხარეები, რადგან ბაზარი განახლდება, მაგრამ თუ მიზანი ეკოლოგიაზე ზრუნვაა, აქ სხვა მექანიზმებია საჭირო - მაგალითად, შესაძლოა, რომ 2010 წელს გამოშვებული მანქანა ბევრად კარგად იყოს გამართული, ვიდრე 2020 წელს, ამიტომ აქ მთავარი ტექინსპექტირებაა და არა წლოვანების შეზღუდვა", - განმარტავს ირაკლი კუხიანიძე.

მისივე ცნობით, სახელმწიფო უწყებებს აღნიშნულ საკითხზე ავტოიმპორტიორებთან კონსულტაცია ჯერ არ ჰქონიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები