“უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ავტომობილების გაყიდვები შემცირდეს“, - ამის შესახებ BM.GE-ს ავტოიმპორტიორი კომპანია „ქარმარკის“ დამფუძნებელმა, ირაკლი კუხიანიძემ განუცხადა.
მისივე ცნობით, ამჟამად საქართველოში ავტომობილების გაყიდვები ყაზახი და სომეხი დილერების ხარჯზეა გაზრდილი, რომლებიც მანქანებს საქართველოში ყიდულობენ და შემდეგ ექსპორტზე რუსეთში გააქვთ.
„ბოლო პერიოდში, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, რუსეთის ბაზარზე ავტომობილებზე მოთხოვნა გაიაზარდა. ყაზახი და სომეხი დილერები საქართველოში იმპორიტრებული მანქანების ძალიან დიდ ნაწილს ყიდულობენ და სწორედ რუსეთში გააქვთ, მაგრამ ახლა ეს ქვეყნებიც ეტაპობრივად წყვეტენ რუსეთთან თანამშრომლობას, რაც გაყიდვების რაოდენობას შეამცირებს. პირადად ჩვენ რუსეთში არ ვგზავნით ავტომობილებს და არც ვაპირებთ.
მოთხოვნის შემცირებასთან ერთად საფასურიც დაიკლებს. ბოლო პერიოდში არანორმალურად გაიზარდა ფასები, რაც მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა, თუმცა ბოლო პერიოდში თანდათან იკლებს ტრანსპორტირების ხარჯი, ამ მომენტისთვის 15%-ითაა გაიფებული და კიდევ კლებას ველოდებით.“ - განაცხადა ირაკლი კუხიანიძემ.
დამფუძნებელი გვიყვება, რომ კომპანია ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს და ყოველწლიურად, მოთხოვნიდან და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, განსხვავებული რაოდენობის ავტომობილის იმპორტს ახდენს.
„წინა წელს 2500 მანქანა ჩამოვიყვანეთ. ჩვენ ძირითადად ფიზიკურ პირებთან ვთანამშრომლობთ, დილერებთან ურთიერთობა არ გვაქვს და ავტომობილებს პირდაპირ კლიენტებს ვაწვდით.
იმპორტს ძირითადად ამერიკიდან ვახორციელებთ, დაახლოებით 70% ამ ბაზარზე მოდის, 20% ევროპიდან, ხოლო დანარჩენი აზიის ქვეყნებიდან, თუმცა ბოლო პერიოდში იაპონიიდან შევამცირეთ, რადგან აქედან ტრანსპორტირება საკმაოდ ძვირია.“ - ამბობს „ქარმარკის“ დამფუძნებელი.
რაც შეეხება გამოწვევებს, ავტოიმპორტიორი აღნიშნავს, რომ მსოფლიოში და ქვეყანაში მიმდინარე ყველა პოლიტიკური მოვლენა პირველ რიგში მანქანების გაყიდვებზე აისახბეა, არასტაბილური გარემო კი საკმაოდ ბევრ სირთულეს ქმნის.