მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა

639ad053b761d
გიორგი თოლორდავა
15.12.22 18:52
1123
მკვეთრად გაზრდილი ინფლაციის დასაძლევად, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.

ECB-ის კომიტეტმა დღეს, 15 დეკემბერს, რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 50 საბაზო პუნქტით გაზარდა, რაც თანხვედრაშია ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელთან.

დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად, რეფინანსირების ძირითადმა განაკვეთმა 2.0%-იან ნიშნულს მიაღწია. შეგახსენებთ, რომ აქამდე ძირითადი განაკვეთი 1.5% იყო, ECB-მა და კი წინა შეხვედრაზე პოლიტიკის განაკვეთი არა 50, არამედ 75 საბაზო პუნქტით გაზარდა.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტემპის შემსუბუქება ინფლაციური ინდიკატორების გაუმჯობესებითაა განპირობებული, კერძოდ, ნოემბერში ევროზონის მასშტაბით ინფლაციის დონე 10.0%-მდე შემცირდა, რაც 0.6 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე.

50-პუნქტიანი გამკაცრება სწორედ სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის შემცირებითაა განპირობებული. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სწორედ გუშინ აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმაც ძირითადი განაკვეთი 0.50%-ით გაზარდა, ნაცვლად 75 საბაზო პუნქტისა.

რეფინანსირების განაკვეთი ინფლაციის დონის მაკონტროლებელი ერთ-ერთი უმთავრესი მექანიზმია, რომლის გამოყენებასაც თან ახლავს გარკვეული გვერდითი მოვლენები. როგორც წესი, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეკონომიკის შენელებას იწვევს, მსოფლიოს მასშტაბით გაუარესებული ვითარების პირობებში კი, ევროკავშირი რეცესიის მზარდი რისკების წინაშე დგას, შესაბამისად, ცენტრალურ ბანკს ინფლაციის კონტროლსა და ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას შორის საკმაოდ რთული და დელიკატური ბალანსის დაცვა უწევს.

აგრეთვე გასათვალისწინებელია მონეტარული პოლიტიკის გავლენა ვალუტის გაცვლით კურსზე. განაკვეთის ზრდა, სავარაუდოდ, მოკლევადიან პერსპექტივაში, ევროს კურსზე დადებითად იმოქმედებს და მის ამერიკულ დოლართან მიმართებით გაუფასურების ტენდენციას გარკვეულწილად შეაფერხებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები