მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EximCrop საქართველოში აგროსურსათის ვაჭრობის გაზრდის მიზნით ეკოსისტემის შექმნას გეგმავს

645a0272bb810
ვიქტორია მღებრიშვილი
09.05.23 20:32
545
აგროსასურსათო პროდუქციით ვაჭრობის ონლაინ პლატფორმა, Eximcrop-ი საქართველოში ვაჭრობის ხელშეწყობისა და ფრეშპროდუქტების ექსპორტ-იმპორტის გააქტიურებისთვის ქვეყანაში ვაჭრობის ეკოსისტემის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა ვახტანგ გოგალაძემ გადაცემა #რედქტ2-ში ისაუბრა.

ამერიკაში ქართველი და უკრაინელი პარტნიორების მიერ 2020 წელს დაფუძნებული ელექტრონული კომერციის პლატფორმა დღეისთვის ბიზნესებს აშშ-ში, ევროპაში და საამიროებში მართავს. პლატფორმა სხვადასხვა კონტინენტზე მოქმედ აგრომეწარმეებს ერთიანი პლატფორმითა და ფინანსური დაზღვევის ინსტრუმენტებით საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართვაში უწყობს ხელს. გლობალურად ვაჭრობაში გარკვეული გამოცდილების დაგროვების შემდეგ კომპანიამ აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის მოკვლევა ჩაატარა და საქართველოში ვაჭრობისთვის გრავიტაციული წერტილის შექმნა გადაწყვიტა.

ვახტანგ გოგალაძის შეფასებით, საქართველოს აქვს რესურსი ფრეშ პროდუქტებით ვაჭრობის გლობალური ვაჭრობის ჯაჭვში საკვანძო პოზიცია დაიკავოს, მით უფრო მაშინ როდესაც შუა დერეფნის ტვირთების გადაზიდვა სულ უფრო მარტივი ხდება. Eximcrop-ში მიიჩნევენ, რომ ეკოსისტემის შექმნა ქვეყანაში აგრომწარმოებლებსაც დაეხმარება ახალი ბაზრების ათვისებაში.

„საქართველო პატარა ქვეყანაა და თუ ვაჭრობისთვის გრავიტაციული წერტილი არ შეიქმნა თუნდაც მომავალში არსებული პროდუქციის ექსპორტზე გატანა ძალიან გაგვიჭირდება.

საქართველოში ეკოსისტემის განვითარება მოიცავს იმპორტ-ექსპორტს, ხელმისაწვდომ, კომფორტულ და სწრაფ სერვისებს, რომლებიც ამ პროცესების განვითარებას ხელს შეუწყობს. საქართველოს მთლიანი მოცულობა შეიძლება დიდი ბაზრებისთვის საინტერესო არ იყოს. ეკოსისტემის მოწყობა კი გრავიტაციულ ცენტრს შექმნის. ამ ცენტრის მოწყობა გორში გვინდა. მაგალითად, უკრაინიდან შემოტანილი მოცვი დავამატოთ ქართულ მოცვს და ერთობლივად შევთავაზოთ ემირატების ბაზარზე, სადაც უკვე ლოგისტიკა აწყობილი იქნება და აქედან წავიღოთ. ანუ დუბაის მყიდველი აღარ წავა უკრაინაში მოცვის საყიდლად, სეზონზე ჩვენ შემოვიტანთ აქ -საქართველოში და ქართულ მოცვთან ერთად, გაიყიდება უკრაინული მოცვიც. ამით საქართველოს, როგორც ექსპორტის ჰაბის ვაჭრობის, ეკოსისტემის ფუნქცია ათწილად გაიზრდება. ეკოსისტემის გამართვის პროცესში ვახორციელებთ საპილოტე პროექტს, რომელიც ავოკადო შემოგვაქვს აფრიკიდან.

ჩვენი ერთერთი მიზანი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებაა. საქმე ის არის, რომ სახელმწიფოს პროექტების დახმარებით ძალიან ბევრი თანამედროვე აღჭურვილი სასაწყობე მეურნეობა აშენდა, თუმცა მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში ეს მეურნეობები არ იტვირთება, რადგან პროდუქციის გაყიდვის შემდეგ უფუნქციოდ რჩება. ჩვენ შევეცდებით ყველა ამ მეურნეობასთან კომუნიკაციას და პროცესში ჩართვას“, - განმარტა ვახტანგ გოგალაძემ.

Eximcrop-ის დამფუძნებლის თქმით, სხვადასხვა აგროპროდუქტის ექსპორტ-იმპორტის გამოცდილება კომპანიას უკვე აქვს და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ USAID-ის მხარდაჭერით, ნექტარინების ექსპორტი განახორციელეს. მიმდინარე წელს კი „ტირიფონის ბაღთან“ თანამშრომლობით საქართველოდან დუბაიში პირველად საქართველოში წარმოებული ვაშლი ექსპორტზე გაიტანეს. ვახტანგ გოგალაძე აღნიშნავს, რომ ეკოსისტემის შექმნის პროექტი საბოლოო სახეს დაახლოებით 5 წელიწადში მიიღებს.

„შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში ვაჭრობაში გარკვეულწილად თამაშის წესების შეცვლას შევეცდებით, თუმცა ჩვენ მოხარულები ვიქნებით თუ სხვებიც გააკეთებენ იგივე საქმეს, რადგან საკმაოდ დიდ მასშტაბებზეა საუბარი. რაც უფრო მეტი ადამიანი და მეტი კომპანია იქნება მსგავს აქტივობებში ჩართული, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვისაც. ამ პროექტის ფარგლებში გორი აგროპროდუქტების თავმოყრის ცენტრი იქნება; ასევე დასავლეთ საქართველოში ზღვის პირზე პორტებთან თანამშრომლობით სურსათის და სოფლის მონების პროდუქციის კონტეინერების მიღების - ელექტრონული და ფიზიკური სერვისის შექმნა გვინდა. ამ ყველაფრის შექმნის შემდეგ შევძლებთ უცხოური და ადგილობრივი ფრეშპროდუქტების მიქსების გაკეთებას და სხვადასხვა მიმართულებით მათ ექსპორტირებას, იქნება ეს ცენტრალური აზია, ემირატები თუ ევროპა“, - განმარტა კომპანიის თანადამფუძნებელმა.

ვაჭრობის ერთიანი ეკოსისტემის პროექტი Eximcrop-ის დაფინანსებით ხორციელდება და სამომავლოდ კომპანიის დამფუძნებლებს ამ პროექტით ინვესტორების დაინტერესება სურთ.

„ჩვენი მიზანი ამ ეკოსისტემა მსხვილ ინვესტორებზე გაყიდვაა. ჩვენი საინვესტიციო სტრატეგიაა ვიპოვოთ გადაწყვეტილებები და მხოლოდ ამის შემდეგ გავყიდოთ პროექტი. ჩვენი სტარტაპით საერთაშორის ფონდები დღესაც ინტერესდებიან, თუმცა ჩვენ მათთან ჯერ არ ვთანამშრომლობთ. გვინდა მაქსიმალურად გავზარდოთ ჩვენი სტარტაპის ღირებულება და მხოლოდ ამის შემდეგ მოვიზიდოთ დამატებითი ფინანსები ინვესტორებისგან“, - აღნიშნა გოგალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები