საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი შეფასება გამოაქვეყნა. Fitch-მა რეიტინგი უცვლელად BB დონეზე შეინარჩუნა, ასევე უცვლელია ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი და ის კვლავ "პოზიტიურია". ამასთან ორგანიზაცია 2023 წლის განმავლობაში ქვეყანაში 6.9%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, რაც იანვარში გამოქვეყნებულ პროგნოზთან - 4.5%-თან შედარებით 2.4 პროცენტული პუნქტით მეტია.
Fitch-ი აღნიშნავს, რომ ტურიზმის შემოსავლების, ასევე მიგრანტების დანახარჯებისა და გზავნილების მატების გათვალისწინებით, ქართულ ლარს პირველი კვარტლის განმავლობაში გამყარების მნიშვნელოვანი ტენდენცია ჰქონდა, რამაც 13% შეადგინა.
Fitch-ი ყურადღებას ამახვილებს ქვეყანაში მმართველობის ხარისხზე, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველო ამჟამად EU-სგან კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელოდება, რისთვისაც 12 პრიორიტეტის შესრულება არის საჭირო. ორგანიზაციის თანახმად, საქართველოს მთავრობის პოზიციამ რუსეთთან ურთიერთობების მიმართულებით, დასავლეთთან ურთიერთობების დაძაბვა გამოიწვია.
Fitch-ი კვლავ მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკური აქტივობა მნიშვნელოვანწილად მიგრანტების ხარჯვით არის განპირობებული.