დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდნენ. ლიდერებმა გადაწყვეტილება გერმანიაში მიმდინარე სამიტზე მიიღეს.
დიდი შვიდეულის ქვეყნების შეთანხმებასთან მიერთებას აპირებს ევროკავშირიც. ცნობისთვის, რუსეთი ოქროს საერთაშორისო ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია. ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2021 წელს რუსეთიდან ექსპორტზე 17.4 მლრდ დოლარის ოქრო გავიდა.
შესაბამისად, G7-ის გადაწყვეტილებას შეიზღუდოს რუსული ოქროს იმპორტი - გავლენა ექნება ოქროს საერთაშორისო ფასზეც, თუმცა ანალიტიკოსები ფასის დიდ რყევას არ ელიან. როგორც GALT & TAGGART-ში აცხადებენ, ოქროს ფასის მკვეთრი ცვლილება ჯერ კიდევ მარტში დაფიქსირდა, მაშინ როცა რუსეთ-უკრაინის ომი ახალდაწყებული იყო. მათი განმარტებით, 1 უნცია ოქროს ფასმა მაშინ 2050 დოლარსაც კი მიაღწია, დღეს კი მათი თქმით, ფასის დასტაბილურების ნიშნებია.
“მაშინ ფასის ზრდის მიზეზი ომის დაწყებაც იყო. შემდეგ კი ვხედავთ, რომ ოქროს ფასი ნელ-ნელა დაბლა ჩამოდის და ვოლატილობაც უფრო ნაკლებია.
ვფიქრობთ, რომ ოქროს ფასი ყველაზე ცუდ შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს. უბრალოდ ზრდა ძალიან დიდი არ იქნება. შეიძლება 2-5%-მდე გაიზარდოს, ესეც გრძელვადიან პერიოდში. ჯერჯერობით G7-ის ქვეყნების განაცხადს რუსეთში ოქროს იმპორტის აკრძალვაზე მატერიალური გავლენა არ ჰქონია.” - აცხადებს GALT&TAGGART-ის უფროსი ასოცირებული ბროკერი რატი მესხიშვილი.
როდიდან დაწესდება რუსულ ოქროზე შეზღუდვა, ჯერ უცნობია. Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთის ოქროს ინდუსტრია საექსპორტოდ ახალ ბაზრებს უკვე ეძებს, მათ შორის ჩინეთსა და ახლო აღმოსავლეთში ექსპორტის გაზრდის საკითხსაც განიხილავს. აღსანიშნია ისიც, რომ ენერგომატარებლების შემდეგ ოქრო რუსეთის ყველაზე მსხვილი საექსპორტო საქონელია.