მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადაწყვეტილებები, რომლებიც მთავრობამ დღეს მიიღო

647463c166ede
ვიქტორია მღებრიშვილი
29.05.23 12:39
689
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს განკარგულება, რომლის მიხედვით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და იძულებით გადაადგილებულ 133 ოჯახს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საკუთრებაში გადაეცემა მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებული 160 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მათზე განთავსებული საცხოვრებელი ფართებით. გადასაცემი ქონება მდებარეობს ხონში, ახმეტაში, ასევე ლაგოდეხის, წალკის, ნინოწმინდის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში.

მთავრობის წევრებმა დაამტკიცეს ასევე განკარგულება გარდაბნის მუნიციპალიტეტში კომბინირებული ციკლის მესამე თბოელექტროსადგურის მშენებლობის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე.

განკარგულების საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი 350-430 მგვტ. სიმძლავრის მქონე კომბინირებული ციკლის, ენერგოეფექტური თბოელექტროსადგურის მშენებლობისთვის გამოცხადდება აუქციონი და შეირჩევა ინვესტორი, რომელმაც ოთხი წლის ვადაში უნდა ააშენოს და ექსპლუატაციაში გაუშვას საქართველოში ყველაზე დიდი თბოსადგური.

განხილულ საკითხებს შორის იყო ასევე „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის საკითხი. კანონის პროექტი შემუშავებულია ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეფორმის ფარგლებში.

კანონპროექტი ითვალისწინებს ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მოქცევას სანებართვო სისტემაში, საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვის პროცესის მარეგულირებელი ნორმების დახვეწას და ავტოსადგურების სერტიფიცირებას, რაც უზრუნველყოფს საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას და უსაფრთხოების დონის ამაღლებას, ასევე შეიქმნება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა. რეფორმა ხელს შეუწყობს სამგზავრო გადაყვანების სფეროში მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი და გამოცდილი კადრების დასაქმებას.

მთავრობის სხდომაზე მთავრობის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება „მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის“ ამოქმედებასთან დაკავშირებით. პროგრამის მიზანი მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაღალმთიან რეგიონებსა და დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის სტიმულირებაა.

პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსება ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე შეადგენს არანაკლებ 30,000 ლარს და არაუმეტეს 100,000 ლარს, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს.

დამატებითი პროცენტული ბენეფიტია განსაზღვრული ახალგაზრდა მეწარმეებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის, რათა მოხდეს მათი დაინტერესება და წახალისება არსებულ რეგიონსა და მაღალმთიანი დასახლებაში სამეწარმეო საქმიანობის წამოწყების მიზნით.

მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის ახალი მიზნობრივი პროგრამის ბიუჯეტი 5 მლნ ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები