ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი შიოლაშვილის განცხადებით, იმისთვის რომ გამონაბოლქვის ნორმა რეალურად შემცირდეს, ავტომობილების ტექინსპექტირებაზე მიმართვიანობა 90%-მდე უნდა გაიზარდოს. ამის შესახებ მან „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.
უნდა აღინიშნოს, რომ ავტომობილების ტექინსპექტირებაზე რეგულაციები 1 იანვრიდან გამკაცრდა. ამოქმედდა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ხმაურის შემოწმების ვალდებულება, ასევე პირველი იანვრიდან ბენზინის ძრავიანი ავტომობილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისას ავტომობილის გამონაბოლქვში CO-ს დასაშვები ზედა ზღვარი ძრავის უქმ სვლაზე 0.55%-მდე შემცირდა. კიდევ ერთი ცვლილება ავტომობილების განმეორებით ტექინსპექტირებას ეხება, თუმცა ეს სიახლე ძალაში 1 თებერვლიდან შევა. ამ ცვლილებით ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი გახდება.
გიორგი შიოლაშვილის თქმით, CO-ს ნორმის გამკაცრება 2020 წლის პირველ აპრილამდე შემოსულ ავტომობილებს შეეხება და ეს ევროდირექტივით გაწერილი ნორმის მიღწევას ისახავს მიზნად.
„პროცესები იმდაგვარად უნდა იყოს წარმართული, რომ მიმართვიანობა მაქსიმალურად მაღალი იყოს, დღეისთვის სამწუხაროდ 50%-შიც არ ზის მიმართვიანობის მაჩვენებელი, რომ შევადაროთ ქვეყანაში რეგისტრირებულ ავტოპარკს. ევროკავშირში ჩატარებული ანალიზის შედეგად, იმისთვის რომ ხელშესახები შედეგი მივიღოთ მიმართვიანობა 90% უნდა იყოს, რომ ეს რეალურად აისახოს ეკოლოგიასა და საგზაო უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა შიოლაშვილმა.
ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ ტექინსპექტირების გავლის მაჩვენებლის გაზრდისთვის, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და რეგულირების კონტროლის აღსრულებაა მნიშვნელოვანი.
ავტომფლობელებმა უნდა იცოდნენ რამდენად მნიშვნელოვანია გამართული ავტომობილით გადაადგილება. ამავე დროს რეგულაციების აღსრულების ნაწილი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჭკვიანი კამერების ინფრასტრუქტურა იმგვარად უნდა იყოს განვითარებული, რომ ტექინსპექტირება გაუვლელი ავტომობილებით გადაადგილება, ასევე ძალიან კარგი ინიციატივაა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს ჩართულობით შეიქმნება ეკიპაჟები, რომლებიც იქნება ხილული გამონაბოლქვით გადაადგილების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირებას მოახდენენ და საჯარიმო სანქციებიც ამოქმედდება“, - განმარტა გიორგი შიოლაშვილი.