ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის კვლევის მიხედვით, საქართველოში ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ნაწილს ტექინსპექტირება არც ერთხელ არ გაუვლია. ირკვევა, რომ მძღოლების უმრავლესობას ტექინსპექტირების გავლას ჯარიმის გადახდა ურჩევნია.
ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შიოლაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „საქმის კურსში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ ზოგი მძღოლი 20-ჯერ და მეტჯერ იყო დაჯარიმებული.
„დაფიქსირდა შემთხვევები, როცა 20-ჯერ და მეტჯერ იყო დაჯარიმებული ავტობუსისა თუ მიკროავტობუსის მძღოლი და რეფორმის დაწყებიდან ერთხელაც არ ჰქონდათ ტექინსპექტირება გავლილი.
ამის მიზეზნი ის იყო, რომ 50 ლარიანი ჯარიმა იყო, ამიტომ ავტომფლობელებს ერჩივნათ ჯარიმა გადაეხადათ და არ გაემართათ ავტომობილი და ამ ჯარიმით გადაადგილებულიყვნენ“, - აცხადებს ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი შიოლაშვილი.
მისივე განცხადებით, იმის გამო, რომ ტექინსპექტირებაზე ავტომანქანა მეტმა მძღოლმა გაატაროს, რეფორმა ავტოსადგურებისთვისაც იგეგმება. ავტოსადგურები ვალდებულები იქნებიან მგზავრებს მხოლოდ ტექინსპექტირება გავლილი და გამართული ტრანსპორტით მოემსახურონ.