მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოწვევები, რაც ჩინეთიდან ტურისტების მოზიდვას აფერხებს - მოსაზრება

ტურიზმი

„ჩინეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმება სურათს არ ცვლის“ - ასე აფასებს ტურისტული კომპანია Queen Tamada-ს დამფუძნებელი გიორგი დარციმელია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებსა ჩინეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივ გაუქმებაზე. გადაცემა „ანალიტიკაში“ საკითხზე საუბრისას ის აღნიშნავს, ჩინეთიდან საქართველოში მოგზაურობის მსურველები კვლავ ისევე ჩამოვლენ ქვეყანაში, როგორც აქამდე ჩამოდიოდნენ. დარგის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ზოგადად ტურისტების გაზრდილი ნაკადების მისაღებად მთავარი ქვეყნის ინფრასტრუქტურული მზაობა და სერვისების არსებობაა, რომელიც საქართველოს ტურისტულად მიმზიდველს გახდის.

„ის ვინც მოგზაურობდა და მოგზაურობას აპირებს, მაინც იმოგზაურებს. თუ რაოდენობა გაიზრდება ამის ძირითადი ამოცანა ის იქნება, რომ ქვეყანა მიღების უნარიანი იყოს, არ იყოს საომარი ვითარება ან სხვა გვარი უსაფრთხოების თემასთან დაკავშირებული პრობლემა, რომლის გამოც ტურისტი ჩამოსვლისგან თავს შეიკავებს.

აქ ყველაზე მეტად, რაზეც ყურადღებაა გასამახვილებელი ინფრასტრუქტურული მზაობაა, რაც მე ყველაზე მეტად მაშინებს. ქვეყანა ტურისტული რაოდენობის ზრდისთვის ინფრასტრუქტურულად უნდა იყოს მზად. სხვანაირი სამზადისი გვჭირდება შიგნით, რომ მეტი ტურისტის მიღების შესაძლებლობა გვქონდეს და არა ვიზების გაუქმება. თუ საქართველო ღიაობაზე აცხადებს მზადყოფნას და მეტ ქვეყანასთან იქნება უვიზო მიმოსვლა, ეს ქვეყნის გახსნილობისთვის შეიძლება კარგი იყოს“, - აღნიშნავს დარციმელია.

მისივე თქმით, კიდევ ერთი გამოწვევა რაც ჩინელი ვიზიტორების მოზიდვის კუთხით დგას ჩინურენოვანი გიდების ნაკლებობაა, რადგან ამ ქვეყნის ვიზიტორები უცხო ენების ცოდნით არ გამოირჩევიან. აქედან გამომდინარე დარციმელია მთავრობას ჩინური ენის შესწავლის წახალისებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ გვყავს ჩინურენოვანი გიდები, თუმცა მათი რაოდენობა მცირეა. მთავრობის ადგილზე მე ჩინური ენის შესწავლას წავახალისებდი, მათ შორის იმისთვის რომ ამ ენაზე გიდის სერვისის შეთავაზება მოხდეს. ეს ბევრად მიმზიდველს გახდიდა საქართველოს.

თუ სექტორი ამისთვის მზად იქნება და მთავრობის მხარდაჭერა იქნება ჩინურენოვანი გიდების მომზადება, ვფიქრობ, პირველია რაც ტურიზმის მიმზიდველობისთვის უნდა გაკეთდეს. ისიც რომ ტუროპერატორების ჯგუფი ზის, რომელიც ჩინურად ესაუბრება პარტნიორს ჩინელებისთვის ბევრად უფრო მიმზიდველი იქნებოდა. რადგან ძალიან ბევრი ჩინელი სხვა ენას არ ფლობს“, - ამბობს ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები