მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარე რეკლამების განთავსებაზე OUTDOOR.GE-ის ლიცენზიას ვადა 15 ივლისს ეწურება - რა იქნება შემდეგ?

60c082f90e456
ინგა მურუსიძე
09.06.21 13:50
906
კომპანია OUTDOOR.GE-ის თბილისში გარე რეკლამის განთავსებაზე 2019 წლიდან მიღებული ნებართვის ვადა 15 ივლისს ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ დედაქალაქის მერიამ აუქციონის გზით ახალი კომპანია უნდა შეარჩიოს.

თუმცა როგორც bm.ge-ის თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განუცხადა, არაა გამორიცხული, თბილისის მასშტაბით, გარე რეკლამების განთავსებაზე ნებართვა ან არსებულ კომპანიას გაუგრძელდეს ან საკითხი დროებით მერიის მართვაში გადავიდეს.

„არ მგონია, რომ ივლისის ბოლომდე მოესწროს ახალი კომპანიის შერჩევა. 15-წლიანი უფლება უნდა გავყიდოთ, ამიტომ საჭიროა, სწორად შევიმუშაოთ აუქციონის პირობები. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ვადებს გავცდებით, ხელშეკრულება გაუგრძელდება არსებულ კომპანიას ან თავად დედაქალაქის მთავრობა მოახდენს მენეჯმენტის შეყვანას. ჩვენთვის მთავარი პირობა არის ის, რომ სამართლიანი, პირობები შევთავაზოთ“, - აღნიშნა ხმალაძემ.

ამასთან, როგორც ვიცე-მერმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, გარე რეკლამების განთავსებასთან დაკავშირებით, ინტერესი უკვე რამდენიმე კომპანიამ გამოხატა და ასევე, გაიმართა შეხვედრები.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ განცხადება გავაკეთეთ, რამდენიმე სუბიექტმა გამოხატა ჩემთან კომუნიკაციის ინტერესი. ორი შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც მე პირადად ვესწრებოდი. გავიარეთ სხვადასხვა საკითხები, მიმდინარეობს აუქციონის პირობების კორექტირება, ვმუშაობთ ამ მიმართულებით და აუქციონი 1-2 თვის განმავლობაში გამოცხადდება. ჯერჯერობით, კვლავ სამუშაო პროცესი მიდის და თუ ვინმეს აქვს ინტერესი, მიიღოს მონაწილეობა აუქციონში, შემიძლია კიდევ ერთხელ შევთავაზო კომუნიკაცია. დამიკავშირდნენ, შევხვდები, მოვუსმენ, გავითვალისწინებ მოთხოვნებს. პოზიციები ყველასთან შეჯერდება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები