მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა გააჩერა

62e269f89094f
ლიკა გურაბანიძე
28.07.22 14:56
2368
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქუთაისში, შპს „ამბიკონ სტილსს“ (ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას) მეტალურგიული წარმოების უფლება შეუჩერა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ bm.ge-სთვის მოწოდებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა "ამბიკონ სტილსის“ მეტალურგიული წარმოების უფლების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება სასამართლოს დადგენილების საფუძველზე, მას შემდეგ მიიღო, რაც ინსპექტირებით დადგინდა, რომ კომპანია საქმიანობას ახორციელებდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებისა და გადაწყვეტილებით დადგენილი ტექნოლოგიური ციკლის დარღვევით, რაც საფრთხეს უქმნის გარემოს.

“საწარმოს ეზღუდება საქმიანობის (მეტალურგიული წარმოება) განხორციელება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ ტექნოლოგიურ ციკლთან საწარმოს საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანამდე და სათანადოდ გამართული აირმტვერდამჭერი მოწყობილობების გამოყენების გარეშე.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირები რეგულარულად, მკაცრად გააკონტროლებენ საწარმოს მიერ ადმინისტრაციული მიწერილობის მოთხოვნების შესრულების პროცესს.

წინააღმდეგ შემთხვევაში დეპარტამენტი შესაბამის რეაგირებას მოახდენს - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 84-ე მუხლის 3(1) ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული მიწერილობის შეუსრულებლობა ითვალისწინებს ჯარიმას 10 000 ლარიდან 30 000 ლარამდე, ხოლო განმეორების შემთხვევაში 20 000 ლარიდან 60 000 ლარამდე", - აღნიშულია განცხადებაში.

ცნობისთვის: მეტალურგიულმა ქარხანა „ამბიკონ სტილს“-მა მუშაობა დაიწყო 2019 წლის იანვარში ქუთაისის ავანგარდის დასახლებაში არსებულ შპს „ევრაზიან სტილს“-ის კუთვნილ მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე, რომლის ასაშენებლად კომპანიის ინფორმაციითვე, 50 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია იყო დახარჯული და ბოლო 6 წლის განმავლობაში უფუნქციოდ იყო მიტოვებული. "ახალმა ინვესტორმა „ამბიკონ სტილსმა“ ქარხნის ხელახლად ასამუშავებლად და წარმოებისთვის ახალი სიცოცხლის მისაცემად 2018 – 2019 წლებში საწარმოში დამატებით მოახდინა 4 მლნ ლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება", - აცხადებენ კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები