მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარიას დავალება ჩხენკელს: განსაკუთრებული ყურადღება პროფესიულ განათლებას დაუთმეთ

5dccf855e8eb3
დავით ჯალაღონია
14.11.19 10:45
913
პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებისას განათლების ახალი მინისტრის მიხეილ ჩხენკელის მიერ განათლების რეფორმაში შეტანილ წვლილზე ისაუბრა.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი მიხეილი, განათლების სისტემური რეფორმის თვალსაზრისით ჩართული იყო, როგორც ამ რეფორმის მომზადების, ისე შემდეგ მისი განხორციელების ყველა ეტაპზე, შესაბამისად, მან ზედმიწევნით იცის, ბოლო წლების განმავლობაში რა ხდებოდა სამინისტროში, როგორ მზადდებოდა ეს რეფორმა, როგორ ხდებოდა მისი აღსრულება. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი და სწორედ ამიტომ სხვა ღირსებებთან ერთად ბატონი მიხეილი შეძლებს სწრაფად განაგრძოს ის რეფორმები, რომელიც უაღრესად წარმატებულად მიმდინარეობს განათლების სამინისტროში.

აქვე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და დავავალო ბატონ მიხეილს, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს პროფესიულ განათლებას. ეს არის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რათა ჩვენ შევძლოთ უახლოესი წლების განმავლობაში აღმოვფხვრათ ის დისბალანსი, რაც ჩვენ გვაქვს შრომის ბაზარზე“, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი გუშინ დაინიშნა. მანამდე ჩხენკელი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში, 2017-2018 წლებში კი - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მანამდე კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი.

მიხეილ ჩხენკელს აქვს დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და არის აშშ-ის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის წევრი.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრად გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის პერიოდში, 8 თვის განმავლობაში - 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის ივლისამდე მუშაობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები