პარტიამ “საქართველოსთვის” მოამზადა კანონპროექტი, რომელიც საარსებო შემწეობის მიმღებთათვის ფულადი დახმარების ზრდას ითვალისწინებს.
როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ბექა ლილუაშვილი ამბობს, სოციალურად დაუცვლებისთვის შემწეობის ზრდა 2015 წლის შემდეგ არ მომხდარა. კერძოდ, ლილუაშვილის თქმით, საარსებო შემწეობა ოჯახის თითოეულ წევრზე ინდექსაციის წესით გაიზრდება. ინდექსაცია თავის მხრივ გულისხმობს ზრდას წლიური ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით.
„გვსურს შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ მათივე შეფასებით „მდუღარე“ ეკონომიკის ფარდის მიღმა, რეალურად ქვეყანაში უკიდურესად დამძიმდა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, განსაკუთრებით ეს ეხება ღარიბ და სოციალურად მოწყვლად ოჯახებს, რომელთა რაოდენობამაც ქვეყანაში რეკორდულ ნიშნულს - 650 ათას ადამიანს მიაღწია. არასდროს, ვიმეორებ არასდროს ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი არ ყოფილა ასეთი მაღალი!
პარლამენტში დავაინიცირეთ კანონის პროექტი, რომლითაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მიერ მიღებული საარსებო შემწეობა წელს, და ყოველი მომდევნო წლის განმავლობაში, ოჯახის თითოეულ წევრზე გაიზრდება ინდექსაციის წესით, რაც ნიშნავს ოჯახის ერთ წევრზე 15-20 ლარით გაზრდილ შემწეობას.
სოციალურად დაუცველი ოჯახების საარსებო შემწეობა ოჯახის თითოეულ წევრზე 60-დან 30 ლარამდე მერყეობს და ეს თანხა არ შეცვლილა 2015 წლის შემდეგ, როდესაც 2015 წლიდან დღემდე ფასები გაორმაგდა (განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ინფლაციამ 14 %-საც კი მიაღწია - რაც ბოლო 11 წლის ანტირეკორდია) და საარსებო მინიმუმი ქვეყანაში შეადგენს 168 ლარს, ხოლო საარსებო შემწეობა საარსებო მინიმუმზე თითქმის 3-ჯერ ნაკლებია”,-აცხადებს ლილუაშვილი.
გასული წლიდან საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი რეკორდულად გაიზარდა. 2021 წლის ბოლოს სახელმწიფომ შემწეობის მიმღებთა სიაში მყოფი ოჯახების სოციალური მდგომარეობის რეგულარული გადამოწმებაზე მორატორიუმი გააგრძელა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის იანვარში სოციალური შემწეობა 648 ათასზე მეტმა ადმიანმა მიიღო, რაც მთლიანი მოსახლეობის 17.4%-ს შეადგენს, ხოლო მათთვის გადარიცხულმა თანხამ 44 მლნ ლარს გადააჭარბა.