"გაზპრომი" აცხადებს, რომ ლატვიას გაზის მიწოდება უწყვეტს, მიზეზად კი მის მიერ გაზის მიწოდების პირობების დარღვევას ასახელებს.
გაზპრომმა მიმდინარე წელს გაზის მიწოდება ევროპის სხვადასხვა ქვეყანას მათ შორის, პოლონეთს, ბულგარეთს, ფინეთს, ნიდერლანდებსა და დანიას შეუწყვიტა. მაშინ ამ გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყნების უარი იყო გაზის საფასური რუბლში გადაეხადათ, რაც ახალი ვალდებულება გახდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.
გავრცელებულ განცხადებაში გაზპრომი არ აკონკრეტებს ლატვიამ რა პირობა დააღვია. როგორც Reuters წერს რუსული კომპანიის ამ გადაწყვეტილებას წინ ლატვიის მხარის განცხადება უძღვოდა, რომლის თანახმადაც ისინი გაზის საფასურს ევროში გადაიხდიდნენ.
მარტში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი ბუნებრივი გაზის მწარმოებელი [გაზპრომი] “არამეგობრულ ქვეყნებს” გაზის საფასურის რუბლში გადახდას მოსთხოვდა.