მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანია 2030 წლისთვის ენერგიის მოხმარებას 26,5%-ით შეამცირებს

643cf143b72fc
მარიამ იზორია
18.04.23 09:30
706
გერმანია ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებას გეგმავს. უფრო კონკრეტულად ქვეყნის მმართველი კოალიციის კანონპროექტში ასახული გეგმის მიხედვით, გერმანია 2030 წლისთვის 2008 წელთან შედარებით, ენერგიის მოხმარებას 26,5%-ით შეამცირებს.

ელექტროენერგიის მოხმარების დაზოგვა, როგორც კერძო ისე საჯარო სექტორს დაევალება.

გერმანიამ ენერგიის დაზოგვის მიზნით ამბიციური ზომების მიღება გასულ წელს დაიწყო - მას შემდეგ, რაც რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გამო ევროპა ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დადგა. უფრო კონკრეტულად, 2022 წელს ევროკავშირმა რუსეთის ნავთობისა და გაზის იმპორტს სანქციები დაუწესა, ამან ევროპის ბევრ ქვეყანაში ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდების საშიშროებაც გააჩინა. ქვეყნებმა დეფიციტის თავიდან ასაცილებლად სხვადასხვა ზომებს მიმართეს, მათ შორის ინვესტიციების განხორციელება დაიწყეს განახლებად ენერგეტიკაში.

გერმანიის მთავრობამ კი გერმანელებს ზამთრის პერიოდში ენერგიის მოხმარების 20%-ით შემცირებისკენ მოუწოდა. მთავრობა მოქალაქეებს კერძო სახლებში აუზების გათბობას უკრძალავდა და მათ სახლიდან მუშაობის ვალდებულებას უწესებდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კრიზისამდე, ანუ 2008-2020 წლებში, გერმანიაში ენერგიის დაზოგვის მაჩვენებელი 6%-ზე ნაკლები იყო.

ახალი კანონი, რომელიც ელექტროენერგიის კიდევ უფრო მეტ დაზოგვას ითვალისწინებს, აპრილში უნდა მიიღონ.

კანონპროექტის მიხედვით, კომპანიებს, რომლებიც ენერგიის გარკვეულ რაოდენობას მოიხმარენ, ეგრეთ წოდებული "ენერგეტიკული მართვის სისტემების” გამოყენება მოეთხოვებათ, რათა მოხმარება გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმონ.

გერმანიის მთავრობამ წელიწადში 45 ტერავატ საათი (TWh) უნდა დაზოგოს. ფედერალურმა მიწებმა კი ერთობლივად ყოველწლიურად ელექტროენერგიის მოხმარება 5 ტვტ/სთ-ით უნდა შეამცირონ, რათა გერმანიის წმინდა ნულოვან სამიზნეს 2045 წლისთვის მიაღწიონ. აღსანიშნია, რომ 2021 წელს ქვეყანამ დაახლოებით 500 ტვტ/სთ ელექტროენერგია გამოიყენა. ახალი კანონპროექტის მიხედვით, ენერგიის მოხმარება 2040 წლისთვის 39%-ით, 2045 წლისთვის კი 45%-ით უნდა შემცირდეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ გერმანიას მზის ენერგიაზე დამოკიდებულების გაზრდის ყველაზე დიდი მიზანი აქვს, ევროკავშირის მასშტაბით. უფრო კონკრეტულად, ქვეყანა 2030 წლისთვის განახლებადი ენერგიის 80%-ის ათვისებას გეგმავს. გერმანიაში განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის ბიუროკრატიული ბარიერებიც მოიხსნა და მოწესრიგდა, ეს კი ქვეყანაში ქარის ელექტროსადგურების უფრო სწრაფად აშენების საშუალებას იძლევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები