მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიაში დასაქმების მსურველთა შერჩევა დაიწყო - დასაქმების სააგენტო

6047c2e036cc4
თამთა ჯიჯავაძე
10.03.21 00:10
4865
გერმანიასა და საქართველოს შორის სეზონური დასაქმების შესახებ ხელშეკრულების იმპლემენტაცია ახალ ეტაპზე გადავიდა. გერმანიიდან ვაკანსიების გამოგზავნის და კონკრეტულ ვაკანსიებზე კანდიდატების შერჩევის პროცესი დაიწყო.

როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია იტყობინება, დღეს, ოზურგეთში, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა აპილიკანტებთან შეხვედრა გამართა. მათივე ცნობით, შეხვედრაზე დასაქმების მსურველებს რეგისტრაციის, შერჩევის პროცესის, გამგზავრების ეტაპებისა და სამუშაო პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ კითხვებს ამომწურავად უპასუხეს.

როგორც ნინო ველთაურმა აღნიშნა, თითოეული ვაკანსია 3 თვიან სამუშაო პერიოდს მოიცავს. ვაკანსიები შეეხება მოსავლის აღებას, შემდეგ დასაწყობებას, დახარისხებას, შეფუთვას. მერიის ცნობით, სპეციალურ პორტალზე - workabroad.moh.gov.ge-ზე გურიიდან 4000 აპლიკანტი დარეგისტრირდა, აქედან 450 აპლიკანტი გადავიდა მე-2 ეტაპზე.

„კანდიდატების შერჩევის სქემა, რომელიც აბსოლუტურად გამჭვირვალეა, გერმანულ მხარესთანაა შეთანხმებული, ამიტომ ნეპოტიზმის შესაძლებლობას სრულებით გამოვრიცხავ. თითოეულ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები დავყავით ასაკობრივ ჯგუფებად, ჯგუფები დავაბალანსეთ სქესის მიხედვით, რათა თანაბარი რაოდენობა ყოფილიყო წარმოდგენილი. ასევე გავითვალისწინეთ გამოცდილება, გერმანული ან ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა და შემდეგ უკვე შემთხვევითობის პრინციპით მოხდება შერჩევა და ინდივიდუალური გასაუბრებები", - განაცხადა ნინო ველთაურმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება პირველი აპრილიდან შეეძლებათ. რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და შესაბამის სარეგისტრაციო პორტალზე, ამ დროისთვის, უკვე 95 ათასამდე აპლიკანტია დარეგისტრირებული.

გერმანიაში დასაქმების მსურველებმა რამდენიმე მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილონ. კერძოდ: ასაკი - 18-დან 60 წლამდე, სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება, არ უნდა იყოს დეპორტირებული და გერმანიაში გამგზავრებამდე სამი თვით ადრე შენგენის ზონაში ნამყოფი. სასურველია გერმანული ან ინგლისურ ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

გერმანიაში, სოფლის მეურნეობის სექტორში, სეზონურ სამუშაოზე დასაქმების მაქსიმალური ვადა სამი თვეა. კვირაში სამუშაო დრო ხუთი-ექვსი დღე, დღეში რვა-ათი საათი. მინიმალური ხელფასი კი საათში 9,5 ევრო იქნება. დასაქმებულს საცხოვრებელი და კვების ხარჯის გადახდა თავად მოუწევს. დამსაქმებელს მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევას პოლისის შეძენა ევალება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები